მიხეილ სააკაშვილი

უკრაინა: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს სააკაშვილის დაცინვა და გადმოგვცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას კატეგორიულად გმობს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ "საქართველოს ხელისუფლება სსრკ-ის უარეს ტრადიციებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას იყენებს, უარს ეუბნება მას საჭირო სამედიცინო მკურნალობაზე და განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს".

უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს სააკაშვილის დაცივნა და გადასცეს ის უკრაინის ხელისუფლებას.

"უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის კოლაფსზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის დაცინვა და გადასცეს ის უკრაინას. ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე მივმართავთ უცხოეთის ხელისუფლებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო". - წერია განცხადებაში.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 თებერვალს ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს და მისივე განცხადებით, ის თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ექსპრეზიდენტს ნელ-ნელა კლავს. ზელენსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად, საჯაროდ აწამებენ. 

1 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. მან საზოგადოებას ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა. საუბრის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა მაისური აიწია და ხალხს აჩვენა, როგორ გამოიყურება ის ფიზიკურად. ამის შემდეგ, ჩართვა შეწყდა. 

კომენტარები