რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"უკრაინა იმსახურებს NATO-ს წევრი ქვეყანა გახდეს" – პეტრ პაველი

ჩეხეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით, უკრაინა იმსახურებს, ომის დასრულებისთანავე NATO-ს წევრი ქვეყანა გახდეს. 

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს საერთაშორისო მედიასთან პეტრ პაველის პირველი ინტერვიუა. ყოფილმა გენერალმა მხარი დაუჭირა დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარებას და თქვა, რომ შეიარაღების კუთხით შეზღუდვები თითქმის არ უნდა იყოს.

"მეამაყება, რომ ჩემი ქვეყანა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას თანამედროვე საბრძოლო ტანკებითა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მოამარაგებდნენ. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. თუ უკრაინას დახმარების გარეშე დავტოვებთ, დიდი ალბათობით, ისინი ამ ომში დამარცხდებიან და თუ ისინი დამარცხდებიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა დავმარცხდით". - თქვა პეტრ პაველმა BBC-სთან ინტერვიუში. 

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის ქვეყნების ვალია სკეპტიკურად განწყობილ მოსახლეობას უკრაინისთვის დახმარების მნიშვნელობა აუხსნან. მას მიაჩნია, რომ როგორც კი მცირე შესაძლებლობა მაინც გაჩნდება, მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. თუმცა ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან ამის პერსპექტივა არ შეინიშნება. 

კომენტარები