რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რობლესი: ესპანეთი მზად არის უკრაინას Leopard-2-ის ტიპის ტანკები გადასცეს

მარგარიტა რობლესი

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, მადრიდი მზად არის უკრაინას Leopard-2-ის ტიპის ტანკები გადასცეს. ამის შესახებ მინისტრმა ადგილობრივ გამოცემა EFE-სთან ისაუბრა.

მსგავსი გადაწყვეტილება ესპანეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანია უკრაინისთვის Leopard-2-ის ტიპის ტანკების გადაცემას დათახმდა და NATO-ს მოკავშირეებს უფლება მისცა, რომ საკუთარი წარმოების ტანკები უკრაინას გადასცენ.

როგორც რობლესი აღნიშნავს, ესპანეთი მოკავშირეებთან კოორდინაციით იმოქმედებს, რათა უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში დაეხმაროს.

"ესპანეთს ამ კოორდინაციის ფარგლებში სურს, მოკავშირეებთან ერთად იმუშავოს იმისთვის, რომ [უკრაინის დასახმარებლად] გაკეთდეს ყველაფერი, რაც საჭიროა, მათ შორის, Leopards-2-ის ტიპის ტანკების გაგზავნის, ტანკების გამოსაყენებლად სამხედრო პერსონალის გაწვრთნისა და მათი შენახვის ჩათვლით". - თქვა რობლესმა.

ადგილობრივი კვლევითი ინსტიტუტის, Elcano-ს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მკვლევარის, ფელიქს არტეაგას ცნობით, ესპანეთის სამხედრო შემადგენლობაში Leopard-2-ის ტიპის 108 ტანკია. მისივე თქმით, 55 ტანკი ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე, ესპანეთის ავტონომიურ ქალაქებში, სეუტასა და მელილიაშია განლაგებული, 53 ერთეული კი ქალაქ სარაგოსას სამხედრო ბაზაზე.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს ესპანეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში, მძიმე იარაღები და შორი მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალები გაუგზავნა. გარდა ამისა, ესპანეთმა კიევს უკვე გაუგზავნა 4 ერთეული ამერიკული HAWK-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა და ახლო მომვალში კიდევ ორის მიწოდებას აპირებს.

კომენტარები