ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კეზერაშვილის მიერ მელიასთვის მანქანის ჩუქებაზე აუდიტმა მოკვლევა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. 

საქმე ეხება ავტომობილს, რომელიც ლევან ბეჟაშვილის თქმით, ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილისგან მიიღო. 

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".- აცხადებს უწყება. 

მანქანასთან დაკავშირებით ნიკა მელიამ განმარტებები FACEBOOK-ზე გააკეთა. მან დაწერა, რომ დამატებითი ავტომობილის საჭიროება არ არსებობდა, როდესაც ერთ დღეს თანაპარტიელებმა უთხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში მეორადი მანქანა იყო, რომელიც დავით კეზერაშვილმა გამოგზავნა. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დაინახა, რომ კეზერაშვილი შიდა პარტიულ პროცესებში ჩარევას ცდილობდა, მისთვის ავტომობილის დაბრუნება რამდენჯერმე სცადა.

"აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ფუთავენ და ავრცელებენ მერაბიშვილი/კეზერაშვილის მხარდამჭერი კოლეგები.

ბატონებო, კეზერაშვილის "ნაჩუქარი" ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია.

David Kezerashvili - დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?".- დაწერა მელიამ და კეზერაშვილი მონიშნა. 

კომენტარები