უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ თანამდებობა დატოვა.
ტიმოშენკომ განცხადებით პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და დოკუმენტის ფოტო ტელეგრამზე გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ტიმოშენკო თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს, ის ნდობისთვის მადლობას უხდის ვოლოდიმირ ზელენსკის, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, მერებს, პრეზიდენტის აპარატის გუნდს, უკრაინელ ხალხს, შეიარაღებულ ძალებსა და ოჯახის წევრებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი განცხადება დააკმაყოფილა.
გუშინ, 23 იანვარს უკრაინის მმართველი ფრაქციის ხალხის მსახურის თავმჯდომარემ და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ თქვა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლებს თავის მოადგილეს, რომელმაც ომის მიმდინარეობისას კიევში ძვირადღირებული კერძო სახლი შეიძინა.
დღეს, 24 იანვარს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალექსეი სიმონენკომ გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. მედიის ცნობით, 2022 წლის ბოლოს ის ესპანეთში დასასვენებლად წავიდა.





