რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: თუ პუტინი ფიქრობს, რომ წელს დავიღლებით – ის ცდება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 Brimstone-ის რაკეტას გადასცემს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Sky News ავრცელებს.

„თუ პრეზიდენტი პუტინი იმედებს ამყარებს იმაზე, რომ წელს დავიღლებით - ის ცდება” - თქვა თავდაცვის მინისტრმა ესტონეთში კონფერენციაზე. 

უოლასის თქმით, ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას "ამ წელს და მომავალ წელს" გააგრძელებს. ამასთან, მისი აზრით, მნიშვნელოვანია რუსეთმა გააცნობიეროს, რომ მათ მოუწევთ უკან დახევა და რომ უკრაინის სუვერენიტეტი აუცილებლად აღდგება.

”ჩვენ არსად არ წავალთ, ბატონო პუტინ, ჩვენ ამ საქმეში ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. თქვენ თავიდან უნდა დათვალოთ, თქვენ უნდა შეიტანოთ ცვლილება. თქვენ უნდა დატოვოთ უკრაინა”. -თქვა ბენ უოლასმა.


მანამდე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა თქვა, ბრიტანეთი უკრაინას Challenger-2-ის ტიპის 14 ტანკს და ასობით სხვა ჯავშანმანქანას გაუგზავნის, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორ FV-432-ს, იგივე ბულდოგს.

Challenger-2-ის ტიპის ტანკების გადაცემის შემდეგ ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას დასავლური ტიპის ტანკებს მიაწვდის. უოლასის თქმით, ის იმედოვნებს, რომ დასავლური ტანკების, კერძოდ Leopard-2-ის მიწოდებას სხვა მოკავშირეებიც შეძლებენ, მათ შორის, პოლონეთი და ფინეთი, თუმცა, ეს საკითხი გერმანიაზეა დამოკიდებული, რომელიც ზემოხსენებული ტანკების მწარმოებელია.

გერმანია ტანკებს უკრაინაში იმ შემთხვევაში გაგზავნის, თუ აშშ იმავეს იზამს.

ამასთან ერთად, პოლონეთმა და ფინეთმა აღნიშნეს, რომ გერმანიის დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკებს გაგზავნიან. 

კომენტარები