თბილისის მერია

ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ მერიის 3.1-მილიონიანი ტენდერი კვლავ გრინსერვისმა მოიგო

ვაკის პარკის ტრაგედიიდან 3 თვის შემდეგ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული 3.1 მლნ-იანი ტენდერი კვლავ გრინსერვისმა მოიგო. გრინსერვის+-თან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. 

მერიამ ტენდერი დეკემბერში გამოაცხადა - ერთადერთი პრეტენდენტი შპს გრინსერვის+ იყო. დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ თბილისის მასშტაბით კეთილმოწყობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენის სამუშაოები უნდა ჩაატაროს. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 499 966 ლარი იყო, გრინსერვისმა მერიას სამუშაოების ჩატარება 3 145 000 ლარად შესთავაზა.  

მერიას დეკემბერში კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული - მისი ერთადერთი პრეტენდენტი კვლავ გრინსერვისია. იმ შემთხვევაში, თუ გრინსერვის+ ხელშეკრულებას გააფორმებს, ის, ჯამში, 9.99 მილიონ ლარს მიიღებს.  

ტაბულა მერიასთან დაკავშირებას ცდილობს - მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, შპს გრინსერვისი+ სახელმწიფოს შესყიდვებში 2013 წლიდან მონაწილეობს და დღემდე 73 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული. 2013 წელს ამ კომპანიის მესაკუთრეები სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის გაასამართლეს.  


13 ოქტომბერს გარდაიცვალა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა. მასთან ერთად მყოფი 2 თანატოლი წყლიდან დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში მკურნალობდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. ბიჭი საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერეს. 

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე 9 პირი 18 ოქტომბერს დააკავეს. მათ შორისაა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), გრინსერვისის და მშენექსპერტის დირექტორები და თანამშრომლები, ასევე, ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. სამინისტროს მტკიცებით, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიების ცნობით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გრინსერვისის მენეჯერს სთხოვა, შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. გრინსერვისის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის გადაწყვეტილებით, ამ სამუშაოს შესრულება დაუკვეთეს მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს. 

შსს-ს ცნობით, ნიუ მეტალ დიზაინის დაქირავებულმა ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. სამუშაოები გრინსერვისის დირექტორმა შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ჩაიბარა ასევე ინსპექტირების გარეშე.

გამოძიების მტკიცებით, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ, წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის  მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი მოაყოლეს. ამის გამო, დაზიანდა ელექტროკაბელის იზოლაცია და დენმა წყალში გაჟონა.

კომენტარები