სომხეთი

სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატი: რუსი სამხედროების სომხეთში ყოფნა სამუდამო არაა

რუსი ჯარისკაცები სომხეთში მდებარე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე

სომხეთის მმართველი პარტიის, სამოქალაქო ხელშეკრულების წევრი და დეპუტატი გურგენ არსენიანი სომხურ მედიასთან, news.am-სთან საუბარში ამბობს, რომ რუსი სამხედროების სომხეთში ყოფნა სამუდამო არაა. 

"სომხეთში რუსეთის სამხედროების ყოფნა სახელმწიფოებრიობის შექმნის პირველ წლებში არსებული ცივილიზაციური შეხედულებების შედეგია... სომხეთში რუსი სამხედროების ყოფნა სამუდამო არაა. სომხეთი მეზობლებთან ურთიერთობას არეგულირებს, ქმნის კეთილმეზობლური ურთიერთობების შესაძლო მომავალი განვითარების უზრუნველსაყოფ პლატფორმებს. ეს ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პროგრამაა". – თქვა არსენიანმა.

არსენიანის თქმით, რუსი სამხედროების სომხეთში ყოფნა საფრთხეს ქმნის თურქეთისთვის. მისი აზრით, თუ რუსი სამხედროები ქვეყნიდან  გავლენ, სომხეთი და თურქეთი ჩვეულებრივი მეზობლები გახდებიან.

"ისინი თურქეთზე მიგვითითებენ... სომხეთში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ყოფნის უპირველესი მიზანი არა სომხეთის დაცვაა, არამედ თურქეთის წინააღმდეგ საფრთხის შექმნა... დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თურქეთს ჩვენთვის საფრთხე არასდროს შეუქმნია, არ მსგავსი ფაქტი არ გაგვაჩნია... ისინი აქ რომ არ იყვნენ, სომხეთი გახდება ქვეყანა, რომელიც არანაირ საფრთხეს წარმოადგენს, მათ შორის თურქეთისთვის. სომხეთი, საკუთარი პოტენციალით, როგორ შეუქმნის თურქეთს საფრთხეს? ჩვენ გადავიქცევით მეზობლებად, რომლებიც ამ ქვეყნისთვის არანაირ საფრთხეს წარმოადგენენ, როგორც საქართველოსა და ირანისთვის. ამ შემთხვევაში რუსეთის პარადიგმის გამოვლინება შეწყდება". – თქვა არსენიანმა.

სომეხი დეპუტატის თქმით, რუსი სამხედროების სომხეთში ყოფნა საფრთხეების წინააღმდეგ პირველი შემაკავებელი ვერ იქნება.

"იქნებ დარჩნენ კიდეც მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ იქნება. ეს (რუსი სამხედროების ყოფნა) საფრთხეების წინააღმდეგ პირველი ბარიერი არ იქნება. ეს დროის საკითხია და დრო სომხური პოლიტიკური აზრის განვითარების პარალელურად ახლოვდება". – დაამატა არსენიანმა. 

სომხეთის შირაქის ოლქში, გიუმრიში 1995 წლიდან რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე რუსი ჯარისკაცების კონტინგენტია განთავსებული. თავდაპირველად დადებული იყო 25-წლიანი შეთანხმება, რომელიც 2010 წელს 49 წლამდე გაახანგრძლივეს. ამჟამინდელი მოცემულობით, რუსი სამხედროების სომხეთში ყოფნის ვადა 2044 წლამდეა.

კომენტარები