რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედჩუკი: უკრაინა კულტურულად და მენტალურად რუსეთთანაა, ომში დამნაშავე დასავლეთია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული, პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა და საპარლამენტო მანდატი ახლახან ჩამოართვეს, რუსეთშია და უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველ პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს.

მედვედჩუკის სახელით სტატია რუსულ გაზეთში იზვესტიაში გამოქვეყნდა - გამოცემა უკრაინაში აკრძალულია. მედვედჩუკმა დასავლეთი და უკრაინელი ლიდერები ომის წამოწყებაში დაადანაშაულა. პრორუსი პოლიტიკოსი საკუთარ პოზიციას მშვიდობისა და სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერად აფასებს.

მედვედჩუკის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, "1991 წლიდან თავად უკრაინის შიგნით არსებობს ორი ქვეყანა - ანტირუსული და უკრაინა, როგორც სხვა რუსეთი. ერთი არ ფიქრობს თავის თავზე რუსეთის გარეშე, მეორე არ განიხილავს საკუთარ თავს რუსეთთან ერთად".

ამავდროულად, მედვედჩუკის თქმით, ეს დაყოფა ხელოვნურია და რეალურად უკრაინა "კულტურულად და მენტალურად რუსეთთან არის დაკავშირებული". უფრო მეტიც, პრორუსი პოლიტიკოსის განმარტებით, უკრაინა რუსეთთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ინგლისი შოტლანდიასთან. მედვედჩუკი დამატებით აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა დასავლურმა ძალამ უკრაინელების გონებაზე გავლენა მოახდინა. 

მედვედჩუკი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ფაქტობრივად ამართლებს და ამტკიცებს, რომ "რუსეთის წინაშე დგას არა მხოლოდ თავისი ეკონომიკური ინტერესების, არამედ საერთაშორისო პატივისა და ღირსების დაცვის აუცილებლობა" და ასევე მიიჩნევს, რომ კიევისადმი დასავლეთის მხარდაჭერამ შესაძლოა ბირთვული ომი გამოიწვიოს.

მილიონერი და პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია 2014 წლის მაიდანის შემდეგ უკრაინაში ყველაზე დიდი პრორუსული ძალის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. არჩევნებში მისმა მხარდამჭერებმა ხმების დაახლოებით 10%-ს მიაღწიეს. 2021 წელს უკრაინის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ღალატის ბრალდებით საქმე აღძრა.

ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი მიიმალა, მაგრამ იგი მალევე დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ იგი რუსეთის მიერ დატყვევებულ მარიუპოლის დამცველებზე გაცვალეს. 

კომენტარები