რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერიოზული შეცდომა დავუშვი – არესტოვიჩი დნიპროს ტრაგედიაზე ნათქვამისთვის ბოდიშს იხდის

ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიტანილ იერიშთან დაკავშირებული სიტყვების გამო ბოდიშს იხდის.

"სერიოზული შეცდომა დავუშვი. ეს სერიოზული შეცდომაა, ასე უნდა კვალიფიცირდეს... დღეს მინდა მართლა მოვიხადო ბოდიში. ბოდიში მოვუხადო, პირველ რიგში, შემდეგ ადამიანებს: დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და ახლობლებს, დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებმაც ეს ტრაგედია პირადად განიცადეს, რომლებმაც ერთი აფეთქება გაიგეს და იციან, რომ ეს რაკეტა იყო. ძალიან ბევრმა ჩემი სიტყვები პირადად მიიღო. მესამე, ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, რომლებმაც ჩემი სიტყვები შეურაცხყოფად მიიღეს". – თქვა არესტოვიჩმა რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის გადაცემაში. 

არესტოვიჩის თქმით, ის ბოდიშს არ უხდის ხალხს, რომელიც ბოროტად იყენებენ ტექნოლოგიებს და მის სიტყვებზე ინტერნეტსივრცეში მოყოლილ რეაქციას "ოპერაციასა" და "საინფორმაციო ომს" უწოდებს. არესტოვიჩი თვლის, რომ ეს რეაქცია "ორგანიზებული კამპანიაა".

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა გადაცემაში Фейгин Live თქვა, რომ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსული Х-22 რაკეტის ჩამოგდებამ გამოიწვია.

ქალაქ დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის სიტყვებით, პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა რუსულ პროპაგანდას ზემოხსენებული განცხადებით საჩუქარი გაუკეთა.

უკრაინის რადაში პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს.

კომენტარები