რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: ბრიტანეთი უკრაინას Challenger-2-ის ტიპის 14 ტანკს და ასობით სხვა ჯავშანმანქანას გაუგზავნის

ბენ უოლასი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, ბრიტანეთი უკრაინას Challenger-2-ის ტიპის 14 ტანკს და ასობით სხვა ჯავშანმანქანას გაუგზავნის, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორ FV-432-ს, იგივე ბულდოგს.

ბენ უოლასის შეფასებით, უკრაინის დახმარების ზემოხსენებული პაკეტი ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანია.

"დღევანდელი პაკეტი მნიშვნელოვნად ზრდის უკრაინის შესაძლებლობებს. მისი გამოყენებით უკრაინას შეუძლია რუსეთის სამხედრო ძალების შეკავებიდან, მათი უკრაინული მიწიდან განდევნაზე გადავიდეს". - თქვა უოლასმა.

Challenger-2-ის ტიპის ტანკების გადაცემის შემდეგ ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას დასავლური ტიპის ტანკებს მიაწვდის. უოლასის თქმით, ის იმედოვნებს, რომ დასავლური ტანკების, კერძოდ Leopard-2-ის მიწოდებას სხვა მოკავშირეებიც შეძლებენ, მათ შორის, პოლონეთი და ფინეთი, თუმცა, ეს საკითხი გერმანიაზეა დამოკიდებული, რომელიც ზემოხსენებული ტანკების მწარმოებელია.

გარდა ამისა, უოლასის თქმით, უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან სხვადასხვა სახის შეიარაღებას და აღჭურვილობას მიიღებს, მათ შორის, 20 მილიონი ფუნტის ღირებულების დრონებს, 28 მილიონი ფუნტის ღირებულების ეკიპირებას, 100 000 საარტილერიო ჭურვსა და ასობით რაკეტას მიიღებს.

კომენტარები