იშვიათი მეტალების საბადო

შვედეთში იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს

შვედეთში იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს. საბადოში ის მეტალები მოიპოვება, რომლებიც მობილურებისა და რაკეტების წარმოებაში გამოიყენება. 

ამჟამად ევროპაში მსგავსი მეტალები სხვაგან არსად მოიპოვება. სტოკჰოლმის განცხადებით, ახალი აღმოჩენა ევროკავშირს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. 

2021 წელს ევროკავშირში გამოყენებული იშვიათი მეტალების დაახლოებით 98% ჩინეთიდან იყო იმპორტირებული. 

იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრომობილებზე და ქარის ტურბინებზე მოთხოვნის ზრდა მოსალოდნელია, მეტალების საბადოს აღმოჩენას ევროპის მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესში გადამწყვეტი უწოდეს. 

მედიის ცნობით, შვედეთში აღმოჩენილ საბადოში მილიონ ტონაზე მეტი მეტალი ინახება. 

"ლითიუმი და იშვიათი მეტალები მალე უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ნავთობი და გაზი". - თქვა ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა გასულ წელს.

12 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შვედეთის ენერგეტიკის მინისტრმა ება ბუშმა თქვა, რომ ევროკავშირი "ზედმეტად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნის მასალებზე". 

ახლადაღმოჩენილი ნედლეული შესაძლოა ბაზარზე მხოლოდ 10-15 წლის შემდეგ მოხვდეს, რადგან გარემოსდაცვითი რისკის შეფასების გამო ნებართვის პროცესებს დრო სჭირდება, თუმცა კომპანია LKAB-ის აღმასრულებელი დირექტორი, იან მოსტრომი სახელმწიფოს პროცესების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. 

იშვიათი მეტალები 17 სახეობის მეტალს  აერთიანებს. ისინი იმ პროდუქტების წარმოებისთვის გამოიყენება, როგორიცაა მობილური ტელეფონები, ინფორმაციის შემნახველი მყარი დისკები. ეს მეტალები მნიშვნელოვანია ე.წ. მწვანე ტექნოლოგიებისთვის, მაგალითად, ელექტროავტომობილებისა და ქარის ტურბინების საწარმოებლად. ამასთან, სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის.

ექსპერტების ვარაუდით, ასეთ მეტალებზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 5-ჯერ გაიზრდება.

კომენტარები