რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას იარაღი სწრაფად უნდა მივაწოდოთ, სჯობს ახლავე შეაჩერონ პუტინი – რაისი და გეიტსი

კონდოლიზა რაისი და რობერტ გეითსი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ყოფილი თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი ერთობლივ წერილს აქვეყნებენ. 

The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში ისინი აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება, რადგან ვლადიმირ პუტინს კვლავ სურს მთელი ქვეყნის რუსეთის კონტროლქვეშ დაბრუნება და თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ ის უკრაინას გაანადგურებს.

"მას მიაჩნია, რომ მისი ისტორიული ბედისწერა - მისი მესიანური მისიაა - აღადგინოს რუსეთის იმპერია და, როგორც ზბიგნევ ბჟეზინსკიმ წლების წინ აღნიშნა, რუსეთის იმპერია უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს"- წერენ ისინი. 

მათივე მოსაზრებით, პუტინს სჯერა, რომ დრო მის მხარესაა, რომ მას შეუძლია გაანადგუროს უკრაინელები, რომ აშშ-ისა და ევროპის ერთიანობა და უკრაინის მხარდაჭერა საბოლოოდ გაქრება და დაიშლება.

"პუტინი დამარცხებას არ განიხილავს. ის უკრაინას ვერ დაუთმობს აღმოსავლეთის ოთხ ოლქს, რომლებიც რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. თუ ის წელს სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწევს, მან კონტროლი უნდა შეინარჩუნოს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში მდებარე პოზიციებზე, რაც მისთვის მომავალში განახლებული იერიშების პლაცდარმს უზრუნველყოფს, რომ უკრაინის შავი ზღვის დარჩენილი სანაპირო დაიკავოს, სრულად გააკონტროლოს დონბასის რეგიონი და განაგრძოს სვლა დასავლეთისკენ".- აღნიშნულია წერილში. 

ყოფილი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები და ეკონომიკა ახლა თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული დასავლეთზე, უპირველეს ყოვლისა კი აშშ-ზე. ისინი აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინელების მორიგი მნიშვნელოვანი წინსვლის გარეშე, დასავლეთის ზეწოლა უკრაინაზე, რათა სამშვიდობო ზავი გაფორმდეს, დროთა განმავლობაში გაიზრდება. 

"აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის მსგავსი სცენარის თავიდან არიდების ერთადერთი შანსი არის უკრაინისთვის სამხედრო მარაგებისა და შესაძლებლობების დაუყოვნებელი, მნიშვნელოვნად გაზრდილი მიწოდება, რაც საკმარისი უნდა იყოს რუსეთის განახლებული იერიშის შესაჩერებლად და უკრაინას უნდა აძლევდეს რუსეთის ძალების აღმოსავლეთსა და სამხრეთში განდევნის საშუალებას. კონგრესმა ასეთი დახმარებისთვის საკმაო თანხა გამოჰყო. ახლა საჭიროა აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის საჭირო დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, პირველ რიგში, ჯავშანტექნიკის. აშშ-ს ხუთშაბათის შეთანხმება Bradley-ის საბრძოლო მანქანების გადაცემის შესახებ დასაფასებელია, მაგრამ დაგვიანებული. რადგან ამერიკული Arams-ის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით სერიოზული ლოგისტიკური გამოწვევები არსებობს, გერმანიამ და სხვა მოკავშირეებმა ეს საჭიროება უნდა მოაგვარონ. ასევე, NATO-ს წევრებმა უკრაინა უნდა მოამარაგონ უფრო დიდი მანძილის მქონე რაკეტებით, თანამედროვე დრონებით, ტყვია-წამლის მნიშვნელოვანი მარაგით (მათ შორის საარტილერიო ჭურვებით), დაზვერვის მეტი შესაძლებლობებითა და სხვა აღჭურვილობით. ეს შესაძლებლობები ესაჭიროებათ კვირებში და არა თვეებში.".- აღნიშნულია წერილში. 

რაისი და გეიტსი ამბობენ, რომ მსოფლიოს ეკონომიკა, მათ შორის აშშ-საც, უკვე ხედავს ინფლაციურ გავლენას და ზრდის შეფერხებას, რომელიც გამოწვეულია პუტინის აგრესიით.

"უმჯობესია ის (პუტინი) ახლა იქნას შეჩერებული, სანამ აშშ-სა და NATO-ს მეტს მოსთხოვს. ჩვენ უკრაინაში გვყავს მონდომებული პარტნიორი, რომელიც მზადაა აიტანოს ომის შედეგები, რათა ეს მომავლში ჩვენ არ მოგვიწიოს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს უინსტონ ჩერჩილის 1941 წლის თებერვლის თხოვნა შეგვახსენა: "მოგვეცით ხელსაწყოები და ჩვენ საქმეს დავასრულებთ". ვეთანხმებით ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანდასახულობას, რომ რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ. თუმცა, გათამამებულმა პუტინმა შესაძლოა არჩევანი არ დაგვიტოვოს. მომავალში რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილების გზა ახლა უკრაინისთვის თავდამსხმელის მოგერიებაში დახმარებაა. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომელიც წინ უნდა გაგვიძღვეს და საჭიროა სასწრაფოდ მოქმედება, სანამ ძალიან გვიან იქნება".- ნათქვამია სტატიაში. 

კომენტარები