ანა მონტესი

აშშ-ში 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე "მავნე ჯაშუში" გათავისუფლდა

NBC Miami

ცივი ომის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში, რომლის დაკავებაც აშშ-მ შეძლო, 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ანა მონტესი თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოში ანალიტიკოსად მუშაობდა და ჯაშუშობით კუბისთვის ინფორმაციას აგროვებდა.

2001 წელს მისი დაპატიმრების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ მან თითქმის მთლიანად გასცა აშშ-ს დაზვერვის ოპერაციები კუნძულზე.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა მონტესი ერთ-ერთ ყველაზე "მავნე ჯაშუშად" შეაფასა 

მიშელ ვან კლივმა, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი იყო, 2012 წელს კონგრესს განუცხადა, რომ მონტესმა პრაქტიკულად ყველანაირი სახის ინფორმაცია გადასცა კუბას - "რაც ვიცოდით კუბის შესახებ, როგორ მოქმედებდა აშშ კუნძულზე".

"ასე რომ, კუბელებმა კარგად იცოდნენ ყველაფერი, რაც ჩვენ მათ შესახებ ვიცოდით და შეეძლოთ ეს გამოეყენებინათ თავის სასარგებლოდ. გარდა ამისა, მან შეძლო კოლეგებთან პირადი საუბრებით გავლენა მოეხდინა კუბაში მიმდინარე სიტუაციის შეფასებაზე და, ამასთანავე, შეძლო მოეპოვებინა ის ინფორმაციაც, რომელიც მისი უფლებამოსილების მიღმა იყო". - აღნიშნა კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა. 

მონტესს ბრალი დასდეს ოთხი ამერიკელი ჯაშუშის გადაცემასა და საიდუმლო მასალის გაცემაში. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მონტესი მოტივირებული იყო იდეოლოგიით, ეწინააღმდეგებოდა რეიგანის პოლიტიკას

ცივი ომის დროს დაჭერილი სხვა გახმაურებული ჯაშუშებისგან განსხვავებით, მონტესი მოტივირებული იყო იდეოლოგიით და არა პირადი სარგებლით. იგი დათანხმდა ემუშავა კუბის დაზვერვაში, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდა რეიგანის ადმინისტრაციის საქმიანობას ლათინურ ამერიკაში.

კერძოდ, თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის მოხსენებაში ნათქვამია, რომ იგი, სავარაუდოდ, უკმაყოფილო იყო აშშ-ს პოლიტიკით ნიკარაგუასთან მიმართებით და ეწინააღმდეგებოდა მემარჯვენე მეამბოხე ჯგუფისადმი აშშ-ს მხარდაჭერას.

მონტესი გათავისუფლების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში დარჩება მეთვალყურეობის ქვეშ და შემოწმდება - რისთვის იყენებს ინტერნეტს. მას ასევე აეკრძალება მთავრობაში მუშაობა ან უცხოელ აგენტებთან ნებართვის გარეშე დაკავშირება.

"მისი ცხოვრების ეს [ჯაშუშობის] ნაწილი დასრულდა". - FBI-ის აგენტი, რომელმაც მონტესი დააკავა

FBI-ს აგენტმა, პიტ ლაპმა, რომელიც მონტესი დააკავა, CBS News-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, მონტესმა კუბელ აგენტებთან კავშირი აღადგინოს.  

"არ წარმომიდგენია, რომ მათთვის თავისუფლების დაკარგვა კვლავ გარისკოს".- ამბობს ლაპი. 

კომენტარები