რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტების მტკიცებით, ანექსირებულ სევასტოპოლში, აეროდრომთან 2 დრონი ჩამოაგდეს

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანადგარება სევასტოპოლში, ბელბეკის აეროდრომთან, ზღვის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

აქამდე ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელბეკის აეროდრომის მიმდინარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა.

რუსეთმა ინფორმაცია ბელბეკის აეროდრომებზე დრონებით თავდასხმის მცდელობის აღკვეთის შესახებ 8 დეკემბერსაც გაავრცელა.

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობებით, გასულ ღამეს აფეთქებების ხმები ისმოდა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვშიც, სადაც, სავარაუდოდ, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ამოქმედდა. ოლქის გუბერნატორმა აფეთქებებთან დაკავშირებით დაწერა, რომ სიტუაცია სტაბილური იყო. მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

5 დეკემბრის შემდეგ, უკრაინამ დრონების გამოყენებით რუსულ სამხედრო აეროდრომებზე რამდენიმე იერიში მიიტანა, მათ შორის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 700 კილომეტრით შორს მდებარე ობიექტებზეც.

კომენტარები