ზურა დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი 2022 წლის სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ზურაბ დათუნაშვილი რამდენიმე ნომინანტს შორის, ასევე ტიტულოვან სპორტსმენებში გამოარჩია 2022 წლის სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. 

სერბეთის წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინანტებს შორის ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩიც იყო.

2019 წლის იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დაესხა თავს. ქვეყნის დატოვების მიზეზი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა. 

თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ხუთიათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ის კორუფციული ფონია, რომელიც ჭიდაობის ფედერაციაშია შექმნილი. 

ინციდენტის შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ სპორტული კარიერის გაგრძელების ერთადერთი საშუალება ქვეყნის დატოვება იქნებოდა. 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დათუნაშვილი მოლაპარაკებებს სერბეთის ჭიდაობის ფედერაციასთან მართავდა. 

აგვისტოში დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მის სერბეთში გადასვლას გეგეშიძე აქტიურად უშლიდა ხელს. სერბეთის სახელით ასპარეზობის გაგრძელების შესახებ ცნობილი გახდა სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუდან.

2021 წელს სერბეთის სახელით მოასპარიზე სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

კომენტარები