რუსეთი

რუსეთმა Bellingcat-ის მთავარ გამომძიებელ ჟურნალისტზე ძებნა გამოაცხადა

ხრისტო გროზევი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოცემა Bellingcat-ის მთავარ გამომძიებელ ჟურნალისტზე, ბულგარელ ხრისტო გროზევზე ძებნა გამოაცხადა.

რუსეთის შსს ძებნის მიზეზს არ ასახელებს, თუმცა რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის წყაროები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება რუსეთის ჯარზე "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებას უკავშირდება.

Bellingcat-ი 2014 წელს ბრიტანელი ჟურნალისტის, ელიოტ ჰაგინსის მიერ დაარსებული გამოცემაა, რომელიც ღია წყაროებზე დაყრდნობით ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებს. გამოცემას რუსეთში უცხოელი აგენტის კანონი ეხება. Bellingcat-ის გამოძიებები არაერთხელ შეხებია რუსეთის ქმედებებს, მათ შორის ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლას, ასევე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის ქმედებებს. გროზევი ამ გამოცემაში 2015 წლიდან მუშაობს.

ივლისში გროზევს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ბრალს სდებდა, რომ ის ჩართული იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვის გეგმაში, რაც ФСБ-ს მტკიცებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავების გატაცებას ითვალისწინებდა. რუსულ მედიაში ამტკიცებდნენ, რომ გროზევს ჰყავდა ნაპოვნი ორი შუამავალი, რომლებიც რუს პილოტს თვითნფრინავის გატაცებისთვის თანხას გადასცემდნენ.

გროზევი ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ ის არანაირ სპეცოპერაციაში ჩართული არ ყოფილა, იძიებდა ამ მოვლენებს და სურდა აღეწერა, როგორ ატყუებდნენ ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურები.

კომენტარები