2022 წლის საუკეთესო სიმღერები

2022 წლის 10 საუკეთესო სიმღერა

2022 წლის საუკეთესო სიმღერები

2022 წლის 10 საუკეთესო სიმღერა

2022 წელი მიიწურა და გთავაზობთ გასული წლის 10 საუკეთესო კომპოზიციას. ამ სიაში შესული ნამუშევრები 2022 წლის საუკეთესო ჩანაწერებს შორის ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა დაასახელეს, როგორებიცაა: The Guardian, Rolling Stone, Pitchfork, Entertainment Weekly და სხვა. რამდენიმე მათგანი კი გრემის ნომინაციებზეც არის წარდგენილი. ამ კომპოზიციებმა მსმენელებისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.

10. Yeah Yeah Yeahs - Spitting Off the Edge of the World Feat. Perfume Genius

კომპოზიცია ამერიკული ინდი როკ ჯგუფის, Yeah Yeah Yeahs ბოლო, რიგით მე-5 ალბომში Cool It Down შევიდა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში გამოიცა. ბენდთან ერთად, ჩანაწერში ამერიკელი მუსიკოსი, Perfume Genius მონაწილეობს.

9. Pusha T - Diet Coke

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, Pusha T-ს მეოთხე ალბომში It's Almost Dry წარმოდგენილი კომპოზიციის Diet Coke პროდიუსერი პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ქანიე ვესთია. ნამუშევრის ტექსტი კოკაინსა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ეხება.

8. Rosalía - Saoko

Saoko ესპანელი პოპვარსკვლავის, როზალიას კომპოზიციაა, რომელიც მუსიკოსის მე-3 ალბომში, Motomami არის წარმოდგენილი. სიმღერა ტრანსფორმაციისა და მეტამორფოზის თემებს ეხება. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის კლიპი უკრაინის დედაქალაქ კიევში, კერძოდ კი პოდილსკის ხიდზეა გადაღებული. ტრეკი ცნობილი ვიდეოთამაშის, Fifa 23-ის ერთ-ერთი საუნდტრეკიცაა.

7. The Weeknd - Take My Breath

პოპულარული კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის მეხუთე ალბომში Dawn FM-ში შესული კომპოზიცია Take My Breath არაერთმა ცნობილმა გამოცემამ დაასახელა წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის, მათ შორის არიან: The Guardian და The New York Times. ტრეკის ავტორი და ერთ-ერთი პროდიუსერიც თავად The Weeknd გახლავთ. 

6. Taylor Swift - Anti-Hero

2022 წელს პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ტეილორ სვიფტმა რიგით მე-10 ალბომი, Midnights გამოსცა. Anti-Hero კი ამ ჩანაწერში შესული ერთ-ერთი სინგლია. სიმღერის ტექსტი საკუთარი თავის სიძულვილს, დეპრესიასა და შფოთვას ეხება. ტრეკმა არაერთი ქვეყნის მუსიკალურ ჩარტში დაიკავა პირველი ადგილი, მათ შორის: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ბელგიაში, პორტუგალიაში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სიმღერის კლიპის რეჟისორი ტეილორი თავად გახლავთ.

5. Arctic Monkeys - There'd Better Be a Mirrorball

There'd Better Be a Mirrorball პოპულარული ბრიტანული როკ ჯგუფის, Arctic Monkeys მე-7 ალბომის, The Car ერთ-ერთი სინგლია. სიმღერის კლიპის რეჟისორი ბენდის ვოკალისტი, ალექს ტერნერია. კომპოზიცია გრემის 65-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური პერფორმანსის ნომინაციაზეა წარდგენილი.

4. Steve Lacy - Bad Habit

ამერიკელმა მუსიკოსმა, სტივ ლეისიმ 2022 წელს თავისი მეორე ალბომი, Gemini Rights გამოუშვა. Bad Habit კი ჩანაწერის ერთადერთი სინგლია. აღსანიშნავია, რომ სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი ადგილი დაიკავა. 

3. Kendrick Lamar - N95

N95 პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ქენდრიქ ლამარის მეხუთე ალბომში, Mr. Morale & the Big Steppers შესული სინგლია. კომპოზიციის კლიპის ერთ-ერთი რეჟისორი რეპერი თავად გახლავთ. ტრეკი არაერთი ქვეყნის მუსიკალურ ჩარტებში მოხვდა.

2. Beyoncé - Break My Soul

Break My Soul პოპულარული ამერიკელი შემსრულებლის, ბიონსეს მე-7 ალბომში, Renaissance შევიდა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გამოიცა. კომპოზიციამ ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი ადგილი დაიკავა. აგრეთვე, ის წამყვან პოზიციაზე იყო ხორვატიის, ირლანდიისა და ისრაელის მუსიკალურ ჩარტებში. ტრეკი გრემის დაჯილდოებაზე 3 ნომინაციაზეა წარდგენილი. წლის საუკეთესო სიმღერის, წლის საუკეთესო ჩანაწერისა და წლის საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერის კატეგორიებში.

1. Harry Styles - As It Was

As It Was პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჰარი სტაილზის მესამე სოლო ალბომის, Harry's House სინგლია. სიმღერამ გამოსვლისთანავე მსმენელებისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. კომპოზიცია 35 ქვეყნის მუსიკალური ჩარტების ლიდერი გახდა. სიმღერა გრემის დაჯილდოებაზე 4 ნომინაციაზე წარადგინეს. საუკეთესო სიმღერის, საუკეთესო ჩანაწერის, საუკეთესო კლიპისა და საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსის კატეგორიებში.

კომენტარები