რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუტე: ნიდერლანდები უკრაინის დასახმარებლად 2023 წელს €2.5 მილიარდს გამოყოფს

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, ნიდერლანდები უკრაინის დასახმარებლად 2023 წელს 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს. რუტეს განმარტებით, თანხის უდიდესი ნაწილი სამხედრო აღჭურვილობას მოხმარდება. 

"თითქმის ორი მილიარდი სამხედრო მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი". - თქვა რუტემ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, თანხების გადანაწილება დამოკიდებული იქნება უკრაინელების საჭიროებებსა და შესაბამისად, ომის მიმდინარეობაზე. 

გასულ კვირას თავდაცვის მინისტრმა, კაჯსა ოლონგრენმა თქვა, რომ ნიდერლანდებმა 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინის დასახმარებლად თითქმის €1 მილიარდი გამოყო. 

ასევე, გუშინ, 23 დეკემბერს რუტემ Twitter-ზე კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და დასძინა, რომ კიევს ამსტერდამის იმედი შეუძლია ჰქონდეს. 

"სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს, ჩვენ მათ დავეხმარებით... სამხედრო, ჰუმანიტარული თუ დიპლომატიური გზით. უკრაინას შეუძლია ნიდერლანდების იმედი ჰქონდეს". - წერს რუტე. 

კომენტარები