ევროპარლამენტი

POLITICO: ევროპარლამენტის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა 1 თვით გაუხანგრძლივეს

ევა კაილი

ბელგიის სასამართლომ კორუფციაში ბრალდებულ ევა კაილის წინასწარი პატიმრობა ერთი თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. 

სასამართლო სხდომის შემდეგ, კაილის ადვოკატებმა მისი ციხიდან გათავისუფლება ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით მოითხოვეს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ყოფილ ვიცეპრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა ერთი თვით გაუხანგრძლივა

კაილის შეუძლია, სასამართლოს გადაწყვეტილება 24 საათის ვადაში გაასაჩივროს, საქმის გადახედვის ვადა კი 15 დღით განისაზღვრა. მისი ადვოკატის თქმით, ისინი გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ.

9 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტთან დაკავშირებული სულ მცირე, 4 ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დაახლოებით €600 000 ნაღდი ფული. პროკურატურის წარმომადგენლის, ერიკ ვან დუისის თქმით, გამომძიებლები ეჭვობენ, რომ კატარს ევროკავშირში პოლიტიკურად სტრატეგიული პირების მოსყიდვა სურს.

კომენტარები