ახალი წელი 2023

კალაძე: დღესასწაული არის იქ, სადაც მშვიდობა და სიყვარულია, საახალწლო სოფელი 23-ში გაიხსნება

კახა კალაძე

23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნება. თბილისის მერის თქმით, საახალწლო სოფელი, სადაც "თოვლის ბაბუა დაიდებს ბინას", 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.

"საახალწლო სოფელი 23 დეკემბერს გაიხსნება და ყველას გვექნება შესაძლებლობა, მივიდეთ, მივიყვანოთ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, გავერთოთ. არ გამოტოვოთ, თქვენს პატარებთან ერთად დაესწარით ნამდვილ დღესასწაულს.  თქვენ გელოდებათ ე.წ. ფლეშმობი და საახალწლო კონცერტი ყველასთვის საყვარელი შემსრულებლებით. დრამერები და ქუჩის თეატრის მსახიობები შექმნიან დაუვიწყარ სანახაობას. რაც მთავარია, 23 დეკემბერს, 19:00 საათზე, თოვლის ბაბუა მობრძანდება და  ბინას დაიდებს "საახალწლო სოფელში“. დარწმუნებული ვარ, მას დიდი სტუმრიანობა ექნება ამ სადღესასწაულო დღეებში. 14 იანვრამდე, ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ღონისძიება და კონცერტი გაიმართება, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ასე რომ, გელით ყველას ორბელიანის მოედანზე. დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია. ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში“ - ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერიის ცნობით, ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები. აქვე მოეწყობა საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები. ასევე, გასართობი აქტივობები - სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე, ფოტოზონა სანტასთან ერთად და საბავშვო სივრცე შოუებისთვის. 

კომენტარები