ქართული კინო

სოსო ბლიაძის "ჩემი ოთახი" ბრიტანეთის კინოინსტიტუტის წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა

Publika

British Film Institute-მა 2022 წლის 50 საუკეთესო ფილმი დაასახელა. ჩამონათვალში მოხვდა ქართული დრამა ჩემი ოთახი.

სოსო ბლიაძის ახალმა ფილმმა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მთავარი როლის შემსრულებლებს თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიის ჯილდო მოუტანა. სურათი ასევე ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულია.

"ფილმი მეგობრებისა და ოჯახის მცირე ჯგუფმა პანდემიის დროს, ბიუჯეტის გარეშე იმ ბინაში გადაიღო, რომელშიც მთავარი გმირები ცხოვრობდნენ. მუმლაძე თამაშობს თინას, ახალგაზრდა ქალს, რომელიც წარსულში ქმარმა დანით დაჭრა. თინა ოთახს ქირაობს და სახლის პატრონთან, მეგისთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს. ერთმანეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ახალგაზრდები დროსთან ერთად მეგობრდებიან, მოგვიანებით მათი ურთიერთობა სექსუალურ ხასიათს იღებს, თინა კი საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს იბრუნებს". – წერია BFI-ს საიტზე.

British Film Institute საუკეთესო ფილმების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. BFI ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ორგანიზაციაა ევროპაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით კინოს პოპულარიზაციას ემსახურება. 1956 წლიდან BFI ლონდონის ფესტივალის ორგანიზატორია, წლევანდელ მონაწილეებს შორის ბლიაძის ახალი ნამუშევარიც მოხვდა.

კომენტარები