მიხეილ სააკაშვილი

მელია: ზელენსკი ომის პირობებშიც კი სააკაშვილის გადარჩენას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას გამოეხმაურა, რომელმაც ექსპრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვა.

"მებრძოლი უკრაინის გმირმა პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში საგანგებოდ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში. უკრაინა და მისი პრეზიდენტი ამ ცივილიზაციური ომის პირობებშიც კი, მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის საკითხს უმნიშვნელოვანეს ნაწილად იმ დიდი ისტორიული პროცესისა, რაც მიმდინარეობს თანამედროვე მსოფლიოში. 

[...] ქართული ოცნების ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში. გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს ამ ბოროტებას, გადაწყვეტილება, რომელიც შველის საქართველოს!  პრეზიდენტი ზელენსკი ასევე მიმართავს თავისი ხალხის მეგობარ ქართველ ხალხს, ყველა მოაზროვნე და წინდახედულ ადამიანს საქართველოში - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად". – თქვა მელიამ.

მელია ამბობს, რომ არჩევანი არა მხოლოდ საქართველოს მთავრობამ, არამედ ქართველმა ხალხმაც უნდა გააკეთოს, რადგან "სულ მალე გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი და პრინციპული სამოქალაქო პოზიცია!"

"საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - თავისუფლებისათვის საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, თუ კრემლიდან, ბოროტების ამ სავანიდან წამოსული დირექტივა. 

ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებით - იქნება ეს კეთილი, ჰუმანიტარული, გონივრული და წინდახედული თუ იქნება სასიკვდილო განაჩენი. ზელენსკის თხოვნა თუ კრემლის დირექტივა?! აი, ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი ჩვენ - ქართველებმა. ამ პასუხს ელოდება პრეზიდენტი ზელენსკი, გმირი უკრაინელი ხალხი, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, დასავლეთის დემოკრატიული ინსტიტუტები. [...] ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალიან მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თამასა ძალიან მაღლაა". – თქვა ნიკა მელიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას "სისასტიკე" უწოდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის კლინიკაში გადაიყვანონ.

კომენტარები