სამეცნიერო აღმოჩენები

უახლესი კვლევებით მეცნიერები ადამიანის ორ ფეხზე სიარულს ხის კენწეროებზე ძრომას უკავშირებენ

An adult male chimpanzee walks upright to navigate flexible branches in the open canopy, in behaviour characteristic of the Issa Valley savanna-mosaic habitat.
 Rhianna Drummond-Clarke

მოსაზრება, რომ ორ ფეხზე სიარული გარემოს ცვლილებასთან არის დაკავშირებული, შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL), კენტისა და დიუკის უნივერსიტეტების მკვლევართა ჰიპოთეზით, ადამიანის წინაპარმა ორ ფეხზე გადაადგილება ხეების კენწეროებში საკვების მოძიების მიზნით დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა. ეს აზრი ეწინააღმდეგება სამეცნიერო წრეებში ბიპედალიზმთან დაკავშირებით დამკვიდრებულ წარმოდგენას, რაც აღნიშნულ ქცევას მიწაზე მეტი დროის გასატარებლად წარმოშობილ ადაპტაციად განიხილავს.  

ბიპედალიზმზე გადასვლა დაახლოებით 7 მილიონი წლის წინ მოხდა. ამის მიზეზად მეცნიერები ხშირი ტყეების ღია სივრცედ ტრანსფორმაციას ვარაუდობდნენ. გაუვალი ადგილები თანდათანობით ბალახით მოშიშვლებულმა ლანდშაფტმა ჩაანაცვლა. დამკვიდრებული სამეცნიერო მოსაზრებით, ამ პირობებთან შესაგუებლად უნდა დაეწყოთ ჰომინინებს ორ ფეხზე გადაადგილება. ხეების ნაცვლად, ისინი მეტ დროს მიწაზე ატარებდნენ, ეფექტიანად მოძრაობისთვის კი, ორ ფეხზე გადაადგილება გახდა საჭირო. თუმცა მკვლევრები, რომლებმაც ტანზანიაში შიმპანზეები შეისწავლეს, ამბობენ, რომ ეს მახასიათებელი სხვა გარემოებებით არის განპირობებული და ამ მოვლენას ნაკლებად უკავშირდება. 

ტანზანიაში შიმპანზეებზე დაკვირვება იმ პერიოდის მსგავს გარემოში ხდებოდა, როცა ჩვენს წინაპრებს უწევდათ ცხოვრება. იმის მიუხედავად, რომ  იმ შიმპანზეების მიერ მიწაზე დაყოფილი დრო, რომლებიც გაშლილ სივრცეში ბინადრობდნენ, აღემატებოდა მათსას, რომლებსაც ხშირ ტყეებში უწევდათ ცხოვრება, პროპორცია თითქმის ანალოგიური აღმოჩნდა. 

შემდეგ მეცნიერებმა გააერთიანეს მონაცემები, რამდენად ხშირად იდგნენ ან მოძრაობდნენ განსხვავებულ გარემოში შიმპანზეები. შედეგებმა აჩვენა, რომ ბიპედალური ქცევა 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში გამოიკვეთა და აქედან მხოლოდ 14% უკავშირდებოდა მიწაზე გადაადგილებას. უმეტეს შემთხვევაში, შიმპანზეებს ორ ფეხზე დგომა ხეებზე ძრომის პროცესში უწევდათ, როცა ისინი საკვების მოპოვებას ცდილობდნენ. 

ამის მიუხედავად, ღია სივრცეს მაინც აქვს კავშირი ბიპედალიზმთან, რადგან მეჩხერ ტყეებში ხეების ტოტებიც მეტადაა ერთმანეთისგან დაშორებული და შიმპანზეებს მოქნილი მოძრაობისთვის ორ ფეხზე დადგომა უწევთ. 

მეცნიერების თქმით, იმის მიუხედავად, რომ კვლევა ცალსახად ვერ ადასტურებს, ჩვენს წინაპრებში ბიპედალიზმის იმავე პატერნის არსებობას, ის ეჭვს ბადებს გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ გარემოს ცვლილებასთან ერთად, ჩვენს ევოლუციურ განვითარებაში ხეები მნიშვნელოვან როლს არ კარგავდნენ. 

მიწაზე ჩამოსვლამ დააჩქარა ბიპედალიზმზე გადასვლის პროცესი, თუმცა ის მანამდეც იყო ჰომინინების მახასიათებელი და ამ ჰიპოთეზას განამტკიცებს აღმოჩენილი ნამარხებიც. ადრეულ ჰომინინებს ერთდროულად აღენიშნებათ მიწაზე გადაადგილებისა და ხეზე ცხოვრებისთვის დამახასიათებელი თვისებები. 

კომენტარები