ამერიკა-უკრაინა

აშშ უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გაგზავნას გეგმავს

CNN ავრცელებს, რომ აშშ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის რაკეტების გაგზავნას გეგმავს. ოფიციალური პირების თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოაცხადებს. 

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას აგრძელებს, უკრაინა გარკვეული პერიოდია საჰაერო თავდაცვის დამატებით მხარდაჭერას ითხოვს. 

Patriot ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც უკრაინაში, დიდი ალბათობით, ლიმიტირებული რაოდენობით გაიგზავნება.

ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხეს საჰაერო თავდასხმები წარმოადგენს. რუსეთი რეგულარულად უმიზნებს უკრაინის ინფრასტრუქტურას რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით - ზამთარში მილიონობით ადამიანს ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე ტოვებს.

თავდაცვის ანალიტიკოსი, ჯასტინ ბრონკი მიიჩნევს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება  დასავლეთის შეშფოთებასთანაა დაკავშირებული, რაც ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას მოჰყვა.

კომენტარები