საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირის საბჭო: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

Shame Movement / Facebook

ევროკავშირის საბჭო 13 დეკემბერს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ "უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია".

განცხადებაში საუბარია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და გამოთქმულია მზადყოფნა, რომ ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ.

"საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომლითაც აღიარა ევროპული პერსპექტივა და მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. ევროპულმა საბჭოს ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა მზადყოფნა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც განიხილება კომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტების შესრულება". – ნათქვამია გაცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, საბჭო ასევე აღიარებს საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა ქვეყანას მოუწოდებს, გააგრძელოს რეფორმების გზა და სრულად გაითვალისწინოს ევროკომისიის რეკომენდაციები.

"საბჭო აღიარებს საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯების რეფორმების ჩატარების პროცესში, რასაც ხაზი გაესვა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე 2022 წლის სექტემბერში. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და სრულად გაითვალისწინოს კომისიის მოსაზრებაში მითითებული პრიორიტეტები მისი წევრობის განაცხადთან დაკავშირებით, რათა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქართველოსთან ევროკავშირის სექტორული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) გაძლიერებული იმპლემენტაციის საფუძველზე". – ნათქვამია გაცხადებაში.

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლიდან წარადგენს.

კომენტარები