რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: ვაგნერის შტაბბინაზე იერიში მივიტანეთ, იქ მყოფთა უმრავლესობა მოკვდა

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრი უკრაინაში
РИА Новости

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგიი გაიდაის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში იერიში მიიტანეს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის შტაბბინაზე, რასაც, მისივე თქმით, მრავალი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იერიშის სამიზნე კადიივკის დასახლებაში მდებარე სასტუმროს შენობა იყო. ტელეგრამ-არხებზე დანგრეული შენობის ფოტოები ვრცელდება. 

"პატარა აფეთქება ჰქონდათ, სადაც ვაგნერის შტაბბინები მდებარეობდა. იქ მყოფთა დიდი ნაწილი მოკვდა". – თქვა გაიდაიმ უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრის დროს. 

გაიდაის არ დაუზუსტებია მსხვერპლის რიცხვი, თუმცა, მისი თქმით, მათ, ვინც იერიშს გადაურჩნენ, საჭირო სამედიცინო საშუალებები არ აქვთ.

"დარწმუნებული ვარ, რომ გადარჩენილთა 50% მოკვდება, სანამ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, რადგან ლუგანსკის რეგიონშიც კი, მათ მოპარული აღჭურვილობა აქვთ". – თქვა გაიდაიმ.

ვაგნერის ჯგუფი რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ დაარსებული კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელსაც რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში აქტიურად იყენებს. დასავლეთში კომპანიის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას განიხილავენ. 

ვაგნერის ჯგუფს ბრალად ედება ომის დანაშაულების ჩადენა უკრაინაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში.

კომენტარები