მშვიდობის დარგში ნობელის პრემია

ნობელის პრემიის ლაურეატს კრემლმა ჯილდოს მიღებაზე უარის თქმა "ურჩია" – BBC

იან რაჩინსკი
BBC

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი თანამფლობლის, რუსი იან რაჩინსკის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ "ურჩია", რომ ჯილდოზე უარი ეთქვა.

Memorial-ის ხელმძღვანელის, იან რაჩინსკის განმარტებით, მოთხოვნის საფუძველი იყო, რომ ჯილდოს ორი სხვა მფლობელი – უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია და დაპატიმრებული ბელარუსელი უფლებადამცველი – კრემლმა "შეუსაბამოდ" მიიჩნია. 

Memorial-ი რუსეთის ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო უფლებადამცველი ჯგუფია, რომელიც საბჭოთა რეპრესიებს იკვლევს. ორგანიზაცია მთავრობამ გასულ წელს დახურა.

რაჩისნკიმ BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის ორგანიზაციას ჯილდოს მიღებაზე უარის თქმა ურჩიეს, თუმცა, მისივე თქმით, "ბუნებრივია, ეს რჩევა არ გაითვალისწინეს".

"დღევანდელ რუსეთში შეუძლებელია, ვინმეს პირადი უსაფრთხოების გარანტია არსებობდეს. [...] დიახ, ბევრი დაიღუპა. მაგრამ ჩვენ ვიცით, სახელმწიფოს დაუსჯელობას სადამდე მივყავართ... როგორმე უნდა ამოვიდეთ ამ ორმოდან". – აღნიშნა იან რაჩისნკიმ. 

პრემიის ლაურეატთა გამოცხადებისას ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ Memorial-ი დაარსდა იდეაზე, რომლის თანახმად, "წარსულის დანაშაულებთან დაპირისპირება აუცილებელია ახლის თავიდან ასაცილებლად".

მშვიდობის დარგში სამი ქვეყნის წარმომადგენლის გამარჯვებასთან დაკავშირებით კაჩინსკიმ თქვა, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ არის დაყოფილი ეროვნული ნიშნით, ის არის ერთიანი "ორგანიზმი", რომელიც საერთო პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს.

კომენტარები