მიხეილ სააკაშვილი

გლუკსმანი: ვაპირებთ მობილიზებას სააკაშვილის ევროპულ საავადმყოფოში გადასაყვანად

რაფაელ გლუკსმანი
justa.com

ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი წერს, რომ მომავალ კვირაში ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპულ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მობილიზება იგეგმება. 

"მომდევნო კვირაში სტრასბურგის პარლამენტში მიშას ევროპულ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მობილიზება იგეგმება, რათა ჩვენმა სახელმწიფოებმა ხვალ არ დაუშვან იმ კაცის სიჩუმეში სიკვდილი, რომელსაც გუშინ ასე ჯიუტად არ უგდებდნენ ყურს". - წერს გლუკსმანი. 

გლუსკმანის შეფასებით, საფრანგეთს განსაკუთრებით დიდი როლის თამაში შეუძლია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, რომელიც ბრიუსელსა და კრემლს შორის ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს, ევროპის ძლიერ ზეწოლას ვერ გაუძლებს. 

"მივცემთ თუ არა ციხეში სიკვდილის უფლებას კაცს, რომელიც პუტინის ნომერ პირველი მტერი იყო? 

მიხეილ სააკაშვილი სიმართლეს ძალიან ადრე მიხვდა. საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე მუდმივად გვაფრთხილებდა იმ საფრთხეზე, რომელსაც კრემლი მთელ ევროპის კონტინენტს უქმნიდა - სააკაშვილის გაფრთხილებები ჩვენი მთავრობების სიბრმავეს, სიყრუესა და კომპრომისებს შეეწირა. 

სრულიად არარეალისტი "რეალისტური პოლიტიკის" მიმდევრები, რომლებიც იმ დროს დასავლურ დემოკრატიებს მართავდნენ, დათანხმდნენ საქართველოს დაშლას მაშინ, როდესაც 2008 წელს იქ რუსეთი შეიჭრა. მათ უარი თქვეს თბილისიდან მომავალი განგაშის გაგონებაზე. მათ სააკაშვილს გიჟი, ან განმანათლებელი უწოდეს, როდესაც მან თქვა, რომ პუტინი კავკასიით არ დაკმაყოფილდებოდა, რომ ის უკრაინაში შეიჭრება და მისი ჯვაროსნული ლაშქრობა სწორედ ევროპულ იდეას ეხებოდა. 

დღეს ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი მართალი იყო და მაშინდელი ლიდერები ცდებოდნენ. დღეს გვაინტერესებს, თუ როგორ ვიყავით ასეთი გულუბრყვილოები და მშიშრები.

თუმცა იმ კაცს, რომელმაც ჩვენს დახურულ კარებზე დააკაკუნა, დღეს გისოსებს მიღმა სიკვდილი ემუქრება. ის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალია. ამერიკელი მეცნიერების შეფასებით, რომლებმაც მიშას თმა და ფრჩხილები გამოიკვლიეს, დაადგინეს, რომ ის დარიშხანითა და ვერცხლისწყლით მოწამლეს - დღეს მისი სიცოცხლე ძაფზე კიდია.

და ეს საფრთხე მიდის ევროპამდე. ჩვენს ლიდერებს მისი გადარჩენა შეუძლიათ. საქართველოს მთავრობა, რომელიც ცდილობს გარეგნულად შეინარჩუნოს წონასწორული (ვიტყოდი, პათეტიკური) პოზიცია ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, ვერ გაუძლებს ევროპის ძლიერ და კოორდინირებულ ზეწოლას. 

კერძოდ, პარიზს შეიძლება ჰქონდეს გავლენა, ვინაიდან ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანგია და ასევე, ოლიგარქს, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, ფრანგული პასპორტი აქვს. თუმცა, ამისთვის ან არაფერი, ან ძალიან ცოტა კეთდება. ჩვენი ლიდერები, რომლებმაც "გაიგეს, ისწავლეს და შეიცვალნენ", კვლავ ჩუმად არიან. როგორც წარსულში - როგორც ყოველთვის. 

იმის დანახვა, რომ მიშა, რომელიც პირველთა შორის იყო, რომელსაც ეყო გამბედაობა დამდგარიყო კრემლის წინ, როდესაც დასავლელი ლიდერები რუსეთისთვის უკეთესი კომპრომისის შეთავაზებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, დღეს სიკვდილის პირასაა, მაშფოთებს. რა ადამიანები ვართ ჩვენ, თუ მივატოვებთ კაცს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მის პოტენციურ მოკავშირეებად გვთვლიდა? რა სახის ხისგან ვართ დამზადებული? ნუთუ მართლა ასეთი უღირსები ვართ?

მომდევნო კვირაში სტრასბურგის პარლამენტში მიშას ევროპულ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მობილიზება იგეგმება, რათა ჩვენმა სახელმწიფოებმა ხვალ არ დაუშვან იმ კაცის სიჩუმეში სიკვდილი, რომელსაც გუშინ ასე ჯიუტად არ უგდებდნენ ყურს". - წერს გლუსკმანი. 

კომენტარები