რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ქართველი მებრძოლი: არცერთი მიცვალებული ჯერ არ არის გამოყვანილი, ძალიან მძიმე მდგომარეობაა

დავით ქუქჩიშვილი
მთავარი არხი

უკრაინაში ქართველი პარტიზანი მეომრების მეთაური, დავით ქუქჩიშვილის თქმით, ქალაქ ბახმუტში მიმდინარე ბრძოლის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაღუპული 5 ქართველის ცხედრის გამოყვანა. ამის შესახებ ქუქჩიშვილმა მთავარ არხთან ისაუბრა.

ქართველი მებრძოლის თქმით, ქალაქს უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა, ოკუპანტები კვლავ შეტევას ახორციელებენ ქალაქზე. 

"არცერთი მიცვალებული არ არის ჯერ გამოყვანილი, ბოდიშს ვუხდი ჩვენი ძმების ოჯახებს. გამოვიტანთ ყველაფერს, ვცდილობთ ყველაფერს ქართველი პარტიზანები, 2014 წლიდან აქ ვომობთ და ვიცით აქ რა ხდება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, შეტევები ხორციელდება ქალაქ ბახმუტზე და ვიგერიებთ. მარტო ჩვენ არ ვართ, აქ ჩვენ გარდა უკრაინული არმია დგას, რომელიც ვაჟკაცურად, ადამიანურად, რაც შეეხებათ ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქი არ დაიკარგოს. ქალაქს ჩვენ ვაკონტროლებთ, არანაირად არ ვაპირებთ მის დაკარგვას". – ამბობს ქუქჩიშვილი.

5 დეკემბერს უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები ბახმუტში დაიღუპნენ.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის არმიამ ბახმუტის მიმდებარედ 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გამოიყვანა. არესტოვიჩის აზრით, ოკუპანტებს მთელი დონბასის ხელში ჩაგდება სურთ, რათა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოსახლეობა "გამარჯვებაში დაარწმუნოს". 

არესტოვიჩი თვლის, რომ ოკუპანტები ბახმუტის აღებას ვერ შეძლებენ. არესტოვიჩის აზრით, რუსულ ჯარს ბახმუტთან და სლავიანსკთან სერიოზული პრობლემები შეექმნება.

"თუ პუტინი თავისი გეგმის შესრულებას შეძლებს, ლუგანსკიდან ისევ "გამოგვაგდებს" და დონეცკის რეგიონს მთლიანად დაიკავებს, მაშინ ის ომის გამართლებას შეძლებს. პუტინი იტყვის, რომ რუსეთის ინტერესები არასოდეს ყოფილა ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების მიღმა. ჩვენ დავიცავით ეს ტერიტორიები, მივიღეთ რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ კიევზე, ​​ხერსონზე, ხარკოვზე თავდასხმების მიზანი უკრაინის ჯარებისა და NATO-ს დამარცხება იყო.

კრემლის რიტორიკით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არა მხოლოდ ყირიმში შესვლა, არამედ ბელგოროდის აღებაც სურდათ. აი, მესამე თვეა, ბახმუტს ურტყამენ. მიმდებარედ მოათავსეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ჩვენი 6 ბატალიონის წინააღმდეგ რუსული ბატალიონის 40 ტაქტიკური ჯგუფი გამოიყვანეს. თუ მათ 3 თვის მანძილზე ძალების ამ თანაფარდობასთან გამკლავება უჭირთ, სლავიანსკში მისასვლელად უკვე 3 წელი დასჭირდებათ. ომი დასრულდება იქამდე, სანამ ისინი სლავიანსკს მიაღწევენ“. - ამბობს არესტოვიჩი.

კომენტარები