რუსეთ-უკრაინის ომი

ISW: დრონების საკითხის განსახილველად ირანის გენშტაბის ხელმძღვანელი რუს კოლეგას შეხვდა

ირანული Shahed-136 ტიპის დრონის გაშვება სამხედრო ვარჯიშებზე, ირანი, 2021 წლის დეკემბერი
The Times of Israel

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW-ის) ინფორმაციით, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი 3 დეკემბერს თეირანში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გენერალ პოლკოვნიკ ალექსანდრ ფომინს შეხვდა. 

ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს. ასევე, ISW-ის ანგარიშის მიხედვით, მათ შესაძლოა განიხილეს რუსეთისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად ირანული დრონების მიყიდვის საკითხი.

ბაგერი ირანის თავდაცვის მეთაურია და პასუხისმგებელია სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიულ ხელმძღვანელობაზე.

შეხვედრის შესახებ რუსულ მედიას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 

ოქტომბერში ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა. იმავე მიზეზით დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა 3 ირანელი გენერალი და დრონების მწარმოებელი კომპანია. 

5 ნოემბერს ირანში პირველად აღიარეს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდეს - თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა, მანამ, სანამ ოკუპანტები დრონებს ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ირანმა რუსეთს დრონების "მცირე რაოდენობა" 24 თებერვლამდე, რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა. მინისტრი უარყოფს, რომ თეირანი უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას განაგრძობს. 

კომენტარები