ქართული ოცნება

ვოლსკი ჯაფარიძის ცოლზე: არ უნდა მუშაობდეს იქ, სადაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა აქვს

გიორგი ვოლსკი

ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცოლის, ნატა ქორიძის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებას გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და არ შეიძლება, რომ ასეთი ადამიანის ოჯახის წევრი იქ მუშაობდეს, სადაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ექნება.

"თუკი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლე გაათავისუფლეს, რა თანამდებობაზე იყო, არ ვიცი, მაგრამ თუ მას საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა აქვს, რასაკვირველია, არ შეიძლება, რომ ის ამ ინფორმაციას უზიარებდეს ადამიანს, ვინც ყოველდღიურად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და მგონია, რომ სწორედ ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურაბ ჯაფარიძე [...] არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ასეთი პიროვნების ოჯახის წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა. მე არ ვიცი, ასეთი რეალობა არსებობს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ არ შეიძლება. შესაძლოა, ზურაბ ჯაფარიძე სწორედ ამ საიდუმლო ინფორმაციის ფლობით საქართველოს ინტერესებს დაუპირისპირდეს". - აბობს ვოლსკი.

ზურაბ ჯაფარიძის ცოლმა, ნატა ქორიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 17-წლიანი მუშაობის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. როგორც ქორიძე წერს, მას უთხრეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მისი თანამდებობა უქმდება. ქორიძე სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

კომენტარები