რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"სისხლიანი გზავნილი" ჩეხეთში უკრაინის საკონსულომაც მიიღო

ესპანელი პოლიციელი უკრაინის საელჩოსთან, 2022 წლის 30 ნოემბერი.
Reuters/ხუან მედინა

ჩეხეთის პოლიციის ცნობით, მადრიდის საელჩოს მსგავსად, სახიფათო გზავნილი ბრნოში მდებარე უკრაინის საკონსულომაც მიიღო. შენობიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ შორის, მახლობლად მდებარე საბავშვო ბაღიდან, ევაკუაცია განხორციელდა. 

თავდაპირველად, ასაფეთქებლების გაგზავნის სერია 24 ნოემბერს დაიწყო, როცა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა გზავნილი მიიღო. ამის შემდეგ, მსგავსი მოწყობილობები გაუგზავნეს თავდაცვის სამინისტროს, საჰაერო ძალების ბაზას, იარაღის მწარმოებელსა და უკრაინის საელჩოს ესპანეთში.

30 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდში მდებარე უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ამას მოჰყვა “სისხლიანი გზავნილების” სერია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე უკრაინის საელჩოებმა (უნგრეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ხორვატიისა და იტალიაში) მიიღეს. გზავნილები გაჟღენთილი იყო სპეციფიური ფერისა და სუნის მქონე სითხით. მათში მკვდარი ცხოველების თვალები იდო. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, დმიტრო კულებას მოთხოვნით ყველა საელჩო და საკონსულო გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. მიმდინარეობს გამოძიება გზავნილის მნიშვნელობისა და მისი ადრესანტების გარშემო. 

კომენტარები