რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

რუსეთი აკრძალავს ნავთობის მიყიდვას ქვეყნისთვის, რომელიც ფასის ზედა ზღვარს დააწესებს – Bloomberg

Reuters

გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი ამზადებს პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აკრძალავს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ფასის ზედა ზღვარს დააწესებენ.

რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემუშავებული სანქციების მე-8 პაკეტის ნაწილია, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო.

ევროკავშირში ცდილობენ შეთანხმდნენ, თუ რამდენად მკაცრი უნდა იყოს ფასის ზედა ზღვარი. ბოლო ცნობებით, დიპლომატები ბარელზე, დაახლოებით, 65-დოლარიანი ლიმიტის დაწესებაზე შეჯერდნენ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება რუსული ნედლი ნავთობის ამჟამინდელ ფასს, თუმცა მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. სანქცია ძალაში 5 დეკემბერს უნდა შევიდეს.

ჯერჯერობით, რთულად სავარაუდოა რა გავლენას მოახდენს ფასის ზედა ზღვრისა და მის საპასუხოდ კრემლის განკარგულება ნავთობის ბაზარზე, რადგან სანქციის ფორმალური მხარდამჭერები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსული ნავთობის ყიდვისგან თავს უკვე იკავებდნენ.

ახალი სანქცია რეალურად მიმართულია ისეთ მსხვილ მომხმარებლებზე, როგორიცაა ინდოეთი ან თურქეთი, რომლებიც ვერ ისარგებლებენ დასავლური დაზღვევითა და სხვა გადაზიდვის სერვისებით, თუ ისინი რუსულ ნავთობში დაწესებულ ზღვარზე მეტ ფასს გადაიხდიან.

კომენტარები