ხაბეიშვილი: ვთვლიდი, რომ ბოკერია სააკაშვილს ნაცმოძრაობას ართმევდა

"მქონდა ჩემი წარმოდგენა ბოკერიას გუნდზე, რომელიც ვთვლიდი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ნაციონალურ მოძრაობას ართმევდა". – ამბობს ენმ-ს თავჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ტვ პირველის ეთერში.

ხაბეიშვილის თქმით, 2016 წელს მის მიერ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული ბრალდებები "მილიონების მოპარვის" თაობაზე, მისი მხრიდან, ევროპული საქართველოსადმი დამოკიდებულით იყო განპირობებული.

"რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ განცხადებებს, 2016 წელი იყო და ჩემი დამოკიდებულებები მქონდა, მათ შორის, ევროპულ საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ შემცვლია. [...] მოხდა ისე, რომ გაიყო [ენმ], ზუსტად ისე მოხდა და ამასობაში მქონდა ბრალდება კეზერაშვილის მიმართ". – თქვა ხაბეიშვილმა.

2016 წლის 5 მაისს, როდესაც გიორგი ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა და მოძრაობა "ახალი საქართველო" დააარსა, მას თან გაყვა ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვაშაძის პარტიის სახე იყო, თუმცა არჩევნების დროს მან "ახალი საქართველო" დატოვა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით იყარა კენჭი თბილისის საკრებულოსთვის, სადაც პარტიული სიით მიიღო კიდეც მანდატი. 

გიორგი ვაშაძის მიერ 2016 წელს ნაციონალური მოძრაობის დატოვებას გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი და იმ დროს ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი. მან ენმ-დან ცალკეული წევრების პარტიიდან გასვლა "ოლიგარქ ივანიშვილის თამაშად" შეაფასა.

"მიმაჩნია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში.

ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა ვერ შეძლო. ამიტომ, ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრიკების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს", - თქვა სააკაშვილმა.

გიორგი ვაშაძისა და მისი რამდენიმე თანაგუნდელის, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც გაავრცელა. 

პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პირები პარტიის საარჩევნო სიის ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენდნენ და პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებაც სწორედ ამ მიზეზით მიიღეს.

"პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განახლების პრინციპი. ამის გამო, ფრაქციის და პარტიის ლიდერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა სიის სათავეში ადგილი საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს დაუთმონ, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ ქვეყნის რეფორმირებაში.

ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის, ან ნებისმიერის სურვილი - აუცილებლად წარმოდგენილი იყოს საპარლამენტო სიის ათეულში, გაზიარებული არ იქნა. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია.

ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. ვინც საკუთარი ამბიციებისა და ამით უმეტეს, ათეულში ყოფნის გამო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშვილის ვერ უშველის. ჩვენს მას ქართველ ხალხთან ერთად ოქტომბრის არჩევნებს დავამარცხებთ". – წერია ენმ-ს განცხადებაში.

კომენტარები