ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: ენმ-დან წევრების გასვლა ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია

112.ua

გიორგი ვაშაძის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილი ამბობს, რომ ენმ-დან ცალკეული წევრების გასვლა „ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია".

"მიმაჩნია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში.

ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა ვერ შეძლო. ამიტომ, ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრიკების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს", - თქვა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ახლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი ლიდერებით შევსება მიმდინარეობს, პარტია განახლებულ საპარლამენტო სიას განიხილავს და წარუდგენს საზოგადოებას.

"ახლა ნაციონალური მოძრაობის ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შევსებისა და გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ძირფესვიანად განახლებული საპარლამენტო სიის განხილვა. შემდეგ კი მისი ჩვენი აქტივისტებისთვის, მხარდამჭერებისთვისა და მთლიანად საქართველოსთვის წარდგენა. მჯერა, რომ ამ ახალი ძალებით, განახლებული და გაძლიერებული სიით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები