მიკაილ კადიევის საქმე

ბოკერია: ჩვენი კონსტიტუციის და ღირსების დაცვის საკითხია, ვერ მოხდეს კადიევის ექსტრადირება

ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ და აფხაზთა კრების თავჯდომარემ, მალხაზ პატარაიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაღესტნელ უფლებადამცველ, მიკაილ კადიევის საქართველოდან ექსტრადირების საფრთხეზე ისაუბრეს.

ბოკერიას თქმით, საქართველოს მთავრობა სამართლებრივ ნიადაგს ამზადებს კადიევის რუსეთში ექსტრადირებისთვის. 

"ამ შემთხვევაში, სადაც არის მინიმუმ საფუძვლიანი ეჭვი, სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ეწეოდა აქტივისტურ, სამართალდამცავ საქმიანობას, არის დევნილი პუტინის რეჟიმის მხრიდან და არსებობს საფრთხე მისი ჯანმრთელობისა და საფრთხის მიმართ, მაინც არის საფრთხე, რომ მისი გადაცემა მოხდება რუსეთის ფედერაციისთვის. ამიტომ მიგვაჩნია, ჩვენი კომსტიტუციისა და ქვეყნის ღირსების დაცვის საკითხად, რომ ეს ვერ მოხდეს და ამის შესახებ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, სანამ ეს საფრთხე ამ ადამიანის თავზე ჰკიდია". – თქვა ბოკერიამ. 

კადიევის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას თქმით, მიკაილ კადიევმა წარუდგინა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს რუსეთში ყოფნის დროს მასზე წამების ფაქტები, რაც შედგება, როგორც მის მიერ მონათხრობისგან, ასევე სამედიცინო დასკვნებისგან. თუმცა, მიგრაციის სამსახურმა უარი თქვა ამ დასკვნის, როგორც ახლად გამოვლენილი გარემობის განხილვაზე. 

კადიევის საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მეორე ინსტანციაში ხვალ, 22 ნოემბერს განიხილება.

"ჩვენ გადავეცით შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს, ახლად აღმოჩენილი გარემოების ზოგად ადმინისტრაციული კოდექსიდან გამომდინარე, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება და სამინისტრომ უარი თქვა მის მიღებაზე. განხილვაზეც უარი თქვა, არა თუ შინაარსობრივად შევიდა მის განხილვაში. ამის შემდეგ, ჩვენ მივმართეთ მესამედ სასამართლოს და სასამართლო დაეთანხმა, რომ ეს არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება. ეს მოხდა 2019 წლის თებერვალში. მანამდე წერდნენ ამ გადაწყვეტილებას 3 წლის განმავლობაში და ახლა, სააპელაციოს პირველმა ინსტაციამ ისევ უარი გვითხრა და დაეთანხმა სამინისტროს, ხოლო მეორე ინსტანცია, რომელიც არის ბოლო, რადგან უზენაესში არ საჩივრდება, ხვალ, განიხილავს ჩვენს საჩივარს, მხოლოდ იმაზე, რომ 200 გვერდიანი დასკვნა მიიღოს დეპარტამენტმა და განიხილოს". – ამბობს პატარაია. 

მიკაილ კადიევი საქართველოში 2011 წელს ჩამოვიდა. მას რუსეთის ფედერაცია 2009 წელს ხასავიურტის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მკვლელობას ედავება. მიკაილ კადიევის მტკიცებით კი, იმ პერიოდში, როდესაც მკვლელობა მოხდა, ის დაღესტნის სამაშველო სამსახურში მუშაობდა და დანაშაულთან არავითარი კავშირი არ აქვს.

რუსეთის პროკურატურამ კადიევის ექსტრადირება ორჯერ მოითხოვა, რის გამოც, ამ უკანასკნელმა საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. საქართველოს პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ ექსტრადირების საკითხს მას შემდეგ განიხილავდნენ, რაც საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო გადაწყვეტდა კადიევისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს.

ლტოლვილთა სამინისტრომ კადიევს უარი "დევნისა და საფრთხის წყაროების არსებობის დაუსაბუთებლობის" გამო უთხრა. კადიევის დაცვის მხარე კი, ექსტრადირების შემთხვევაში, რუსეთის მთავრობის მიერ მისი ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის არსებობაზე საუბრობდა.

"არ გადასცეთ კადიევი რუსეთს" - ბოლო წლების განმავლობაში, ამ მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადირების მოთხოვნას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენის თქმით, კადიევის რუსეთში ექსტრადიცია დაუშვებელია, რადგან მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას. 

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიკაელ კადიევი და მისი ბიძაშვილი რიზვან ომაროვი 2013 წლის 13 ივნისს, ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს მტკიცებით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. 

ტერაქტის მცდელობის გარდა, კადიევსა და ომაროვს ბრალად იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა წარუდგინეს. მოგვიანებით, ტერაქტის მცდელობის ბრალდება ორივე მათგანს მოეხსნა და მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ-ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები