ილონ მასკი

შშმ თანამშრომელი Twitter-ს დისტანციური მუშაობის აკრძალვის გამო უჩივის

Twitter-ის წინააღმდეგ შეტანილი ახალი სარჩელის თანახმად, კომპანიის მფლობელის, ილონ მასკის ახალი მოთხოვნა შშმ თანამშრომლებისთვის დისკრიმინაციულია. მასკი თანამშრომლებისგან ზეგანაკვეთურ მუშაობას მოითხოვს და ამასთან, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას უზღუდავს. 

კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, ინჟინერიის მენეჯერმა, დიმიტრი ბოროდაენკომ Twitter-ის წინააღმდეგ სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ბოროდაენკოს განცხადებით, მასკის ბოლოდროინდელი მოთხოვნა თანამშრომლების ოფისში დაბრუნებასთან ან სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ ფედერალურ აქტს (ADA) არღვევს. აქტი დამსაქმებლებს ავალდებულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლებს ლოგიკური პირობები შესთავაზონ.

სარჩელში ნათქვამია, რომ Twitter-ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრი თანამშრომელი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამსახური, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ მასკის მოთხოვნების შესაბამის პროდუქტიულობის სტანდარტებს.

იმავე სასამართლოში შეტანილ სხვა სარჩელში კომპანიას ბრალი ედება ფედერალური კანონის უგულებელყოფით ათასობით თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაში. კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თანამშრომელს წინასწარ, 60 დღით ადრე აცნობოს. ამ კანონის დარღვევის გამო კომპანიას ბრალი ედება ნახევარი სამუშაო პერსონალის, 3 700 თანამშრომლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე გათავისუფლებაში.

კომენტარები