აშშ

აშშ: უვნებელვყავით გემი, რომელსაც ასაფეთქებელი მასალა ირანიდან იემენში გადაჰქონდა

აშშ-ს მე-5 ფლოტის გამანადგურებელი ხომალდი USS John Paul Jones-ი არაბეთის ყურეში, 2020 წლის 27 ოქტომბერი.
U.S. Navy

აშშ-ს სამხედრო ფლოტმა უვნებელყო გემი, რომელსაც ირანიდან იემენში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მასალა გადაჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობა განცხადებას ავრცელებს.

"8 ნოემბერს ომანის ყურეში აშშ-ს მე-5 ფლოტმა უვნებელყო სათევზაო ხომალდი, რომელსაც კონტრაბანდად გადაჰქონდა ლეტალური დახმარება, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ჩათვლით, ირანიდან იემენში". – წერია 15 ნოემბრის განცხადებაში.

აშშ-ს ძალებმა გემიდან ამოიღეს 70 ტონა ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც რაკეტების საწვავისთვისა და ასაფეთქებელი მასალების დასამზადებლად გამოიყენება. გემზე 4 იემენელი იმყოფებოდა. ხომალდი 13 ნოემბერს ამერიკის ძალებმა ომანის ყურეში ჩაძირეს, მას შემდეგ, რაც ჩათვალეს, რომ კომერციული გემების ნავიგაციისთვის ის საფრთხეს ქმნიდა.

იემენში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ირანი აქტიურად ეხმარება ადგილობრივ მეამბოხეთა მოძრაობას, ჰუსიტებს. ჰუსიტები ხშირად საკუთარი რაკეტებითა და დრონებით საფრთხეს უქმნიან საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც.

კომენტარები