სურამისა და ხაშურის ეპარქია

"მრევლმა მომიყვანა, რომ ქართულ საქმეს ნორმალურად ვემსახურო" – ეპისკოპოსი სვიმეონი Land Cruiser-ზე

კადრი ვიდეოდან/მთავარი

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი ამბობს, რომ მანქანა - Toyota Land Cruiser-ი მრევლმა აჩუქა, რადგან "ამხელა და ქართულ საქმეს" ემსახურება.

ეპისკოპოსის თქმით, მრევლი მანქანის შეძენას მრავალი წლის განმავლობაში სთავაზობდა, ხოლო წელს "ქართული საქმისთვის" მიუყვანეს, რათა, მისივე სიტყვებით, გზაში აღარ დარჩეს და საქმეს ნორმალურად ემსახუროს. 

"ავტომანქანაზე უფრო რაციონალური, მნიშვნელოვანი [საკითხი]... ბანას პროექტი რომ შენდება, იცით? მე დიდი ხნის წინაც შემეძლო და მრავალი წლის განმავლობაში მთავაზობდა ჩემი მრევლი, რომლის მიმართაც უდიდესი სიყვარული მაქვს - მე მათდამი და მათ ჩემდამი. უარს ვამბობდი. ახლა მოხდა ისე, რომ მრევლმა გადაწყვიტა... წირვაზე მივდიოდი - გზაში დავრჩი, დღესასწაული იყო - გზაში დავრჩით. მოკლედ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ უბრალოდ გეტყვით. მრევლმა გადაწყვიტა, არაერთმა, რომ ამ დიდი საქმისთვის, ბანასთვის, ამხელა საქმეს და ქართულ საქმეს ვემსახურები, ამ ქართული საქმისთვის მომიყვანეს ეს, რომ აღარც გზაში დავრჩე და ამხელა საქმეს ნორმალურად ვემსახურო". - ამბობს ის. 

ინფორმაცია თავდაპირველად დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა:

"მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ 120 000$ ღირებული ლენდკრუიზერ 300 - 2022 - ის ყიდვას და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრებას, რომელმაც წინა თვეებში დაასწრო ამ მოდელის მანქანის შეძენა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია, გული არ გაიტეხო, "წმინდაო მეუფეო"! ჭეშმარიტად ძმური და ქრისტესმიერი მონაზვნური უპოვარება და უბრალოებაა! ა(ნა)ქსიოს! 

P.S. ქვეყანაში, სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ და წამალი არ აქვთ, ეს გაქსუებული უვიცი ნაძირლები ძვირადღირებული მანქანებით ეჯიბრებიან ერთმანეთს! გულისამრევები" - დაწერა მან გუშინ, 14 ნოემბერს. 

კომენტარები