რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის საჭიროებების გამო, უკრაინის მთავრობამ 5 დიდი კომპანიის ნაციონალიზაცია მოახდინა

უკრაინის მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში 5 მნიშვნელოვანი კომპანია გადაიტანა. მათ შორის, ნავთობის მთავარი მწარმოებლები, Ukrnafta და Ukrntatnafta.

როგორც Financial Times-ი წერს, ორივე კომპანიას უკრაინელი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი აკონტროლებდა. კოლომოისკი 2019 წელს ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ღიად უჭერდა. ამჟამად, კოლომოისკი პრივატბანკში გადახდისუუნარობის რისკის წინაშე დგას. 

უკრაინის მთავრობამ ზაპოროჟიეში დაფუძნებული, თვითმფრინავის ტურბინებისა და ვერტმფერენების ძრავების მწარმოებელი MotorSich-ის ნაციონალიზაციაც მოახდინა.

MotorSich-ის ყოფილი მფლობელი და პრეზიდენტი, ვიაჩესლავ ბოგუსლაევი ოქტომბერში ღალატის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, იგი რუსეთს თვითმფრინავის ნაწილებითა და ძრავებით ეხმარებოდა. ასევე, მათი აზრით, ბოგუსლაევი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

სახელმწიფო საკუთრებაში გადატანილ კომპანიებს შორისაა სატვირთო მანქანების მწარმოებელი AvtoKraz-ი, რომელიც უკრაინელი ოლიგარქის, კოსტანტინ ჟევაგოს ეკუთვნოდა. ჟევაგოს წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურა საქმეს აწარმოებს, რის გამოც იგი გასული წლიდან ემიგრაციაშია.

ელექტროენერგიის ტრანსფორმატორი კომპანია, Zaporizhtransformator-ი ასევე ჩამორთმეულ იქნა სახელმწიფოს მიერ. ხელისუფლების ცნობით, მისი ნაციონალიზაციის მთავარი მიზეზი უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად საჭირო ნაწილების სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაა. 

7 ნოემბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვისა და პრემიერმინისტრ დენის შმიგალის ერთობლივ კონფერენციაზე, დანილოვმა აღნიშნა, რომ ომის დროს ქვეყანაში კანონნმდებლობის სხვანაირი ფორმები მოქმედებს. 

"ჩამორთმეულმა ქონებამ სამხედრო ქონების სტატუსი მიიღო და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ, კომპანიები შესაძლოა მფლობელებს დაუბრუნდეთ, ან მათი ღირებულება ანაზღაურდეს". - თქვა დანილოვმა. 

კომენტარები