რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოსტინი: უკრაინელებს ხერსონში დნეპრის დასავლეთ სანაპიროს დაბრუნება შეუძლიათ

ლოიდ ოსტინი
Reuters

აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სჯერა, რომ უკრაინელებს ხერსონის ოლქში დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დაბრუნება შეუძლიათ. 

"ამ საკითხზე, შეუძლიათ თუ არა უკრაინელებს მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროსა და ხერსონში დარჩენილი ტერიტორიის დაბრუნება, მე ნამდვილად მჯერა, რომ მათ ამისი შესაძლებლობა გააჩნიათ... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინელებს სწამთ, რომ მათ ამისი შესაძლებლობა აქვთ". – თქვა პენტაგონის მეთაურმა. 

აქამდე, ოკუპირებული ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაციის წარმომადგენლის მეშვეობით, ცნობილი გახდა, რომ რუსმა სამხედროებმა, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო დატოვონ და მარცხენაზე გადავიდნენ.

ხერსონის მარიონეტულ რეჟიმს მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა სურდა. ამის შესახებ 18 ოქტომბერს ხერსონის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ ისაუბრა. სალდოს განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაზიანებისა და რეგიონის დატბორვის საფრთხით.

სალდომ 18 ოქტომბერს თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

უკრაინის დაზვერვისა და სამხედრო ანალიტიკური ცენტრების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები მიმდინარე დღეებში ქალაქ ხერსონში მაგრდებოდნენ და მძიმე ბრძოლებისთვის ემზადებოდნენ. 24 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტმა ადმინისტრაციამ ქალაქის ე.წ. ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების ფორმირება დაიწყო.

კომენტარები