რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი ერდოღანს: მარცვლეულის შეთანხმების განახლება მხოლოდ გამოძიების შემდეგაა შესაძლებელი

Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უთხრა, რომ რუსეთმა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება შეიძლება განაახლოს, თუმცა მხოლოდ სევასტოპოლზე დრონებით თავდასხმის გამოძიების დასრულების შემდეგ.

"შეთანხმების განახლება შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ ამ ინციდენტის გარემოებების დეტალური გამოძიების შემდეგ და ასევე, კიევისგან სტამბოლის შეთანხმების მკაცრი დაცვის გარანტების წარდგენის შემდეგ, რომ იგი ჰუმანიტარულ დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებს". – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პუტინმა ერდოღანს ასევე შეახსენა შეთანხმების მეორე ნაწილის შეუსრულებლობა, რაც სოფლის მეურნეობის რუსული პროდუქტებისა და სასუქების მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის განბლოკვას გულისხმობს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ ის ამ საკითხის გადაწყვეტაზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში დარწმუნებულია.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებაა გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება დატოვეს. რუსეთის თავდაცვის უწყება მიზეზად სევასტოპოლში მომხდარ "ტერაქტებს" ასახელებს, რომლის მოწყობაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც მათი რამდენიმე ხომალდი განადგურდა, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებითა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოხდა. უკრაინა და დიდი ბრიტანეთის რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს.

კომენტარები