რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვმა და ჩავუშოღლუმ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელების პირობები განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუ შორის უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელებაზე საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვმა თქვა, რომ მარცვლეულით დატვირთული გემების მოძრაობა მას შემდეგ შეიძლება მხოლოდ გაგრძელდეს, როდესაც რუსეთი კიევისგან "აუცილებელი გარანტიებს" მიიღებს.

ლავროვის თქმით, კიევმა გარანტიები უნდა მისცეს რუსეთს, რომ ჰუმანიტარულ დერეფნებს და უკრაინის პორტებს რუსეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ არ გამოიყენებს.

რუსეთმა 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმებას განუსაზღვრელი ვადით ტოვებენ. მოსკოვში ამ გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინული მხარის "ტერაქტები" დაასახელეს.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

რუსეთის ბრალდებით, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლში 29 ოქტომბერს მათი შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს თავს სამოქალაქო გემიდან დაესხნენ.

რუსეთის მტკიცებით, მათ ხომალდებს თავს დაესხნენ უპილოტო საზღვაო აპარატებით, რომელთა ნამტვრევების მოპოვება და გამოკვლევა შეძლეს. მათივე თქმით, სანავიგაციო სისტემის ანალიზით, დაამტკიცეს, რომ დანადგარები ოდესის რაიონში მდებარე სამოქალაქო ხომალდიდან გაუშვეს.

კომენტარები