რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა სანქციებს კიდევ 35 მაღალჩინოსანს უწესებს – ასევე, აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, 8 მაისი, 2022.
Sergei Supinsky/AFP/Getty Images

კანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს და უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს - ინფორმაცია კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ გაავრცელა

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანადა დააწესებს სანქციებს იმ პირების წინაააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში შეჭრასთან არიან დაკავშირებული - სანქცირებული იქნება 35 მაღალჩინოსანი, მათ შორის, გაზპრომისა და მისი შვილობილი კომპანიების წარმომადგენლები. 

ტრუდოს თქმით, კანადა აპირებს, სანქციები დაუწესოს მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სექტორის წევრებს, პოლიციელებს, გამომძიებლებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც რუსი ოპოზიციონერი ლიდერების უფლებების უხეშ დარღვევაში იღებენ მონაწილეობას. კანადამ რუსეთში უკვე 1 400-ზე მეტ ადამიანს დაუწესა სანქცია. 

რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას, ჯასტინ ტრუდოს ინფორმაციით, კანადა გამოყოფს დაფინანსებას, რომლითაც უკრაინელებს, მათ შორის, ზამთრისთვის მოსამზადებლად დაეხმარებიან. ტრუდოს ცნობით, დაფინანსებით უკრაინას ექნება შესაძლებლობა, გასცეს პენსიები, მოიმარაგოს ჰუმანიტარული დახმარება. 

როგორც განცახდებაშია აღნიშნული, კანადა უკრაინასთან სამეცნიერო თანამშრომლობასაც იწყებს - ტრუდო ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ  20-მდე უკრაინელ მეცნიერს იწვევს, ეს ინიციატივა უკრაინას დაეხმარება, აღადგინოს სამეცნიერო და კვლევითი შესაძლებლობები. 

კანადა ასევე აგრძელებს $15 მლნ-ის დახმარებას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის, რათა თანამშრომლები სათანადოდ იყვნენ აღჭურვილი და დანაღმული ტერიტორიები მალე გაიწმინდოს.  

"კანადა გააგრძელებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მაშინ, როდესაც ის იცავს საკუთარ დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა პასუხისგებაში მივცეთ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში უკანონო შეჭრის, ომის დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რაც მისი რეჟიმის მიერ იქნა ჩადენილი". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები