სახვითი ხელოვნება

პიტ მონდრიანის ნახატი 75 წლის განმავლობაში მუზეუმებში უკუღმა ეკიდა

BBC

ცნობილი ნიდერლანდელი ფერმწერის, პიტ მონდრიანის ერთ-ერთი ნამუშევარი სხვადასხვა მუზეუმში 75 წლის განმავლობაში უკუღმა ეკიდა. 

ნახატი სახელად New York City I პირველად ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 1945 წელს გამოიფინა. იმ დროისთვის მონდრიანი გარდაცვლილი იყო. ნამუშევარმა მსოფლიოს არაერთი მუზეუმი მოიარა, 1980 წლიდან New York City I დიუსელდორფის მუზეუმის საკუთრებაა.

შეცდომა დიუსელდორფის მუზეუმის კურატორმა, სიუზანა მეიერ-ბიუზერმა აღმოაჩინა, როდესაც აღნიშნული ნახატი, მონდრიანის სახელოსნოში, მხატვრის სიცოცხლეში გადაღებულ რამდენიმე ფოტოზე შენიშნას.

მეიერ-ბიუზერის გადაწყვეტილებით ნამუშევარი მუზეუმში იმავე მდგომარეობაში დაკიდებული დარჩება, ვინაიდან ამოტრიალების მცდელობისას შესაძლოა 1941 წელს შექმნილი ხელოვნების ნიმუში დაზიანდეს.

პიტ მონდრიანი ცნობილი ჰოლანდიელი მხატვარია, რომელიც ვასილი კანდინსკისა და კაზიმირ მალევიჩთან ერთად აბსტრაქტული მხატვრობის ფუძემდებლად ითვლება.

კომენტარები