რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ფიქრობენ, რომ ომი აფხაზეთში ქართველების პრობლემაა, დონბასში – უკრაინელების

მტერი, რომელიც 1945 წელს საბოლოოდ დამარცხებული და მიწასთან გასწორებული გვეგონა, 80 წლის შემდეგ ფერფლიდან იბადება, ფეხზე დგება. როგორ ხდება ეს? შეუმჩნევლად, ძალიან სწრაფად, ისე, როგორც ერთი დღე ცვლის მეორეს - ახალი დღე და მყისიერად ახალი ბოროტება. [ეს ხდება] იმ დროს, როდესაც მსოფლიო ვერ ამჩნევს, ზოგს ეძინება, ზოგი კი უკვე ჩაძინებულია, ზოგიერთი ყურადღებას არ აქცევს, ზოგიერთს არ ადარდებს - საერთო ჯამში, ყველა ჩუმად არის და ყველა ფიქრობს - “ეს ჩემზე გავლენას არ იქონიებს, ომი სადღაც შორს მიმდინარეობს, სადღაც დნესტრისპირეთში ეს მოლდოვას პრობლემაა, სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასში კი უკრაინის პრობლემა, ეს ჩვენზე გავლენას ვერ იქონიებს, ეს ჩვენ ვერ დაგვაზიანებს, ისინი ჩვენამდე ვერ მოვლენ”.

სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება. ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები საშინელ რეალობად გადაიქცევა, მეზობელი აგრესორი ხდება, აგრესორი კი - ტერორისტი. ნაციზმი ხდება მაგალითი, რომელსაც მიჰყვებიან, ის, შესაძლოა, დაბრუნდეს ახალი ნიღბით, ახალი სლოგანებით, თუმცა იმავე მიზნით. სამწუხაროდ, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია წიგნებიდან არ გვაქვს - ჩვენ ამ საუკუნიდან ვიცით, რომ ბოროტებას შეუძლია, სახლში შემოგეჭრას, [ეს მოხდა] 8 წლის წინ, 8 თვის წინ. ბოროტებას შეუძლია, დაარღვიოს დასავლეთის საზღვარი ან მოვიდეს ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, ოკუპირებულ ყირიმში. ბოროტებას შეუძლია, თავს დაესხას მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბებითა და ფრთოსანი რაკეტებით, დანაღმოს დნეპრის ჰიდროელექტროსადგური ან მიიტაცოს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური, ჩამოაგდოს ბომბები წითელი ჯვრისა და წარწერის მიუხედავად, რომელიც ბავშვებზე მიუთითებს, მოიპაროს მარცვლეული "შიმშილის გეგმის" ან მსოფლიოს შიმშილით დაშინების გეგმის მიხედვით. ბოროტებას შეუძლია, გაიტაცოს ადამიანები, ბავშვები. ბოროტების ფორმა შეიცვალა, თუმცა მისი არსი უცვლელი დარჩა. ბოროტება ყოველთვის ერთი და იმავე გზით იწყებს - დამპყრობლები საკუთარ თავს განმათავისუფლებლებს უწოდებენ, შეჭრას კი თავდაცვას.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვაში.

კომენტარები