რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთმა უკრაინაში 400-მდე ირანული დრონი უკვე გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 400-მდე ირანული დრონი უკვე გამოიყენა.

 "იმ მონაცემებზე, რომლებსაც ჩვენი დაზვერვა განიხილავს, თუ შეიძლება, არ ვისაუბრებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ 400-მდე ირანული დრონი უკვე გამოყენებულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ".- თქვა პრეზიდენტმა. 

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებმაც მისი თქმით, მოახერხეს სამიზნეების 60-70%-ის ჩამოგდება.

ბოლო კვირებში რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს. ამ შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფენ თეირანსა და მოსკოვში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის თქმით, თუ მოხდება ირანის დარწმუნება, რომ ირანული დრონების გამოყენება ხდება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ირანი ამ ფაქტის მიმართ გულგრილი არ იქნება.

20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ გენერალსა და ერთ კომპანიას რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა.

19 ოქტომბერს ირანს, ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც, ხოლო სანქცირების აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები