უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გასვლას მიზანმიმართულად აჭიანურებს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა 150 გემისგან შემდგარი რიგი ხელოვნურად შექმნეს.
"ამ კვირებში საექსპორტო მარცვლეულის ირგვლივ მოვლენები სულ უფრო და უფრო იძაბება. მტერი სურსათის ექსპორტის შესაფერხებლად ყველაფერს აკეთებს. ვთვლი, რომ რუსეთი აბსოლუტურად მიზანმიმართულად აძლიერებს სასურსათო კრიზისს.
ამჟამინდელი მონაცემით, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად პორტში 150-ზე მეტი გემი დგას. ეს ხელოვნური საცობია, რომელიც მხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ რუსეთი გემების გასვლას შეგნებულად აჭიანურებს". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკიმ დაასახელა ის ქვეყნები, სადაც სურსათის ექსპორტი შეფერხდა: ეგვიპტე, ტუნისი, ალჟირი, მაროკო, ლიბანი, ერაყი, ჩინეთი, ბანგლადეში, ინდონეზია.
ზელენსკის თქმით, გაერო და თურქეთი არსებული სიტუაციის შესახებ სრულად ინფორმირებულები არიან.
ასევე, პრეზიდენტის ინფორმაციით, მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებით დაახლოებით 3 მილიონი ტონა პროდუქტის ტრანსპორტირება შეფერხდა, რაც 10 მილიონი ადამიანის წლიური მოხმარებისთვის საჭირო რაოდენობის ტოლია.
"რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სულ მცირე ასობით ათასი ადამიანი გახდეს იძულებით მიგრანტი, ან შიმშილით დაიღუპოს. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მარცვლეულთან დაკავშირებული შეთანხმება არათუ შევინარჩუნოთ, არამედ 100%-იანი სიმძლავრით ავამუშავოთ". - თქვა ზელენსკიმ.
22 ივლისს, მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინული მხარე მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებას ხელს მხოლოდ თურქეთთან და გაეროსთან მოაწერდა.
"უკრაინა რუსეთთან ერთად ხელს არანაირ დოკუმენტს არ მოაწერს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან. ხოლო რუსეთს ხელმოწერა ანალოგიურ ხელშეკრულებაზე მოუწევს, იმავე მხარეებთან". - თქვა პოდოლიაკმა.
რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს





