ვაკის პარკი

ექიმი: 13 წლის ბიჭი ხელოვნურ სუნთქვაზეა, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

მეორე მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, ხეჩინაშვილის კლინიკიდან ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. როგორც ექიმი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, 13 წლის ბიჭი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

"პაციენტი დაახლოებით 1 საათის წინ შემოიყვანეს ნიუ ჰოსპიტალის ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით და მზად ვართ. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".- ამბობს ექიმი. 

მისი თქმით, მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება და გონება დაბინდული აქვს. 

"იყო ელექტროტრავმა და შოკი. მიიყვანეს ხეჩინაშვილში, მოხდა ინტუბაცია და შემდეგ ჩვენთან გადმოყვანა. მოსალოდნელი გართულებები ყოველთვის შეიძლება მოხდეს 72 საათი მინიმუმ ალბათ"- აღნიშნა ექიმმა. 

13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.  

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა -  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  

კომენტარები